„ავტორიტარიზმი სიბერესავით მოულოდნელად მოდის, მაგრამ მასავით გარდაუვალი არაა“ — ალექს ჩიღვინაძის წერილი

მწერალი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე რუსული კანონის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოში დემოკრატია ყოველთვის აბსტრაქტული იყო, იდეალი, რომელთან პირდაპირი და უშუალო კავშირი მოსახლეობას არ ჰქონდა. დემოკრატია არჩევნებზე დაიყვანებოდა და ამ არჩევნებშიც საშუალოდ მოსახლეობის 50% მონაწილეობდა. და აი, დადგა მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ უარი თქვა დემოკრატიაზე და უმრავლესობის დაკვეთად, მშვიდობის შენარჩუნებად გაასაღა ის, რაც სინამდვილეში ოლიგარქის ინტერესების დაცვას ემსახურება: სიმდიდრე – ძალაუფლებისთვის და ძალაუფლება კიდევ უფრო მეტი სიმდიდრისთვის.
2003 წლის 25 ნოემბერს, გერმანიის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ასეთი რამ თქვა: “დემოკრატიას ღვედები აქვს, რომლებიც ძალიან არ უნდა მოუშვა. ბევრი დემოკრატია არ ვარგა. ვფიქრობ ეს ჩემი შეცდომა იყო. ჩვენი ხალხი აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა დემოკრატიის ამხელა დოზისთვისო”
როგორც ჩანს ბ. ივანიშვილიც შეაწუხა დემოკრატიის ასეთმა “პერედოზმა” და გადაწყვიტა, რომ აღარ გაიმეოროს შევარდნაძის შეცდომა (თავის სიტყვაშიც ხომ გაუსვა ხაზი, “დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის ო. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასიო.” ციტატის დასასრული. სუვერენიტეტის ფასს ჩვენც კი ვხვდებით: ეს ხან 2 მილიარდია და ხან გაჩუქებული ტყეები, გასხვისებული ხეობები, მდინარეები და საჯარო სივრცეები, ქაოსური მშენებლობები, განადგურებული ეკოლოგია, გადათხრილი სოფლები, აფეთქებული საყდრისი და თუ ვინმე უსამართლობაზე ხმას აიმაღლებს უცხო ძალების ინტერესების გამტარის იარლიყსაც აირტყამს უკვე, დაჯარიმდება და მოიკვეთება საზოგადოებისგან, რადგან დღევანდელი მოცემულობით საზოგადოება მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან უნდა შედგებოდეს.
მოკლედ 2024 წლის მაისში გადაწყდა, რომ დემოკრატიას ღვედები ბოლომდე შემოუჭირონ და გააფორმონ ავტორიტარიზმი. როგორც ჩანს, ეს სცენარი უკვე დამტკიცებულია. ყველაზე უარესისთვისაც უნდა მოვემზადოთ, მაგრამ აზრზე არ ვარ როგორ უნდა მოემზადოთ ავტორიტარიზმისთვის. ავტორიტარიზმიც ხომ სიბერესავით მოულოდნელად მოდის, თუმცა სიბერისგან განსხვავებით გარდაუვალი სულაც არ არის. ამ გარდამავალ პერიოდში უხერხულობას ისიც ქმნის, რომ დემოკრატია აქამდეც კი აბსტრაქტული იყო, მაგრამ ახალი თაობა ასე მარტივად ვერ შეეგუება ავტორიტარულ რეალობას, განსხვავებით მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან, რომელთაც ტოტალიტარულ საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ. მოკლედ განსხვავებით ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობისგან, ახალგაზრდები გაბრაზებასთან ერთად გაკვირვებულებიც არიან, ასე ვთქვათ, დაქრინჯულები.
კანონს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნითაც შეუთავსებელია გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თუ საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებასთან, აზიანებს პლურალიზმსა და დემოკრატიას, და ნაბიჯი კი არა, საბედისწერო ნახტომია უფსკრულში, დიდი პროტესტი მოჰყვა, როგორც აქამდე გამოხატული ყველა საპროტესტო ტალღაც, სტიქიური და ქაოსური. სწორედ ამ ქაოსურობის იმედი აქვს ხელისუფლებასაც, რომელიც ისევ საპატიო ოლიგარქს რომ დავესესხოთ, იმედოვნებს, რომ საპროტესტო ენერგია ნაადრევად განიავდება და კართან რომ მოდგება შემოდგომა და , გაზაფხულის მეგობრები შემოდგომის ფოთლებივით დაგვეფანტება.
“არა რუსულ კანონს! კი ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას! – ამ შესანიშნავ, მრავალგზის გამეორებულ ლოზუნგებს შორის მახსენდება რობერტ მარგიშვილის სიტყვა, რომელიც მშრომელებთან ჩატეხილ ხიდზე ალაპარაკდა. მახსენდება კიდევ ერთი ანონიმური გამომსვლელი რიყეზე, 11 მაისის მარშზე. “მე არავისთვის მიკითხავს, შეიძლებოდა თუ არა სცენაზე ასვლა. უბრალოდ ამოვედი. ავიღე მიკროფონი და ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ მონურ პირობებზე, რომელშიც გვიწევს შრომა და არსებობაო” – გოგონა ლაპარაკობდა დაღლილი ხმით, თითქოს მართლაც ეს-ესაა მორჩა მორიგეობას ერთ-ერთ ქსელურ სუპერმარკეტში, რომლებშიც მიზერულ ხელფასზე, 24/7-ზე ამუშავებს მომავალ თაობას.
ჩვენ მიჩვეულები ვართ მიტინგის ფორმას, გამომსვლელების განსაზღვრულ სიას. ვდგავართ და ვუსმენთ, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას აღმოაჩნდება სინდისი, აღმოაჩნდება თანაგრძნობა, ზომიერების გრძნობა, მაგრამ მათ უტიფრობას ზღვარი უბრალოდ არ აქვს. დროდადრო ჩნდება მოსაზრებები, რომ პროტესტი მეტად ცენტრალიზებული უნდა გახდეს. პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ ხელში სადავეები და გამოცდილმა, დიდმა კაცებმა გადაწყვიტონ პრობლემები, მაგრამ საეჭვო დიდ კაცებს უკვე აღარავინ ენდობა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ პროტესტი ან რეალურ პრობლემებს და სატკივარს გადასწვდება ან მიინავლება. ან პროტესტი მოახერხებს და აჩვენებს როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი დემოკრატია ან დამარცხდება.
აქციებზე მწერლები და სუსის აგენტები დაახლოებით მსგავსი, არეული ტრაექტორიებით ვმოძრაობთ და მართლია სხვადასხვა მიზნით, მაგრამ ერთნაირი ყურადღებით, გაფაციცებულები ვუსმენთ ხოლმე დემონსტრანტებს. მოქალაქეები წუხან, ვიშვიშვებენ, იმედოვნებენ, გამოთქვამენ პროგნოზებს – ჩვენ დემოკრატიული კულტურის დაბადების მომსწრეები ვართ. მიტინგის მიმდინარეობის პარალელურად ხშირია ინიციატივები, თუმცა გადაწყვეტილებები უცნაურად მიიღება, ინფორმაცია დაგვიანებით ვრცელდება. პროტესტის მონაწილეების უმეტესობა მორალური მხარდაჭერით შემოიფარგლება და ეს სოლიდარობის უშუალო გამოცდილებაც არის. გვგონია, რომ შეიძლება ვინმეს დახმარება დასჭირდეს, გაზით გაგუდულს, ნაცემს, შეშინებულს. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელების მხრიდან სისასტიკის მრავალ შემთხვევას შევესწარით ან კადრებად ვნახეთ, ამ ეტაპზე ძალის გადამეტებისთვის არავინ დასჯილა, აქამდე თუ ზრდილობის გამო მაინც აღძრავდნენ საქმეს ძალის გადამეტებისთვის, ახლა პირიქით, წაახალისებენ და ჩვენ უკვე შავი ქლიავის ჩირის ფოტოზეც კი შავნიღბოსნები გველანდება.
და როგორც ჩანს ტერორი გაგრძელდება, სანამ ერთი ადამიანი მაინც ამოიღებს ხმას. ხელისუფლების პასუხების ლოგიკა (უფრო კი ლოგიკის არ არსებობა) გვაფიქრებინებს, რომ ნებისმიერი სამართლიანი პროტესტი მოინათლება გლობალური ომის პარტიის ინიციატივად, რომ მასონები და ბუა გაერთიანდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ქართული ოცნების გარეშე მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ კრთება, ტყე არ კრთება სასიხარულოდ. ოლიგარქის ბრძნული, პოლიტიკური ალღოს და დალაგების ნიჭის გარეშე კი გარდაუვალია ომი. ძალოვანებიც, რომლებიც გასაოცარი ენთუზიაზმით ურტყამენ ხოლმე დაკავებულებს, ამ არგუმენტებს წამოისვრიან ხოლმე: “აბა, ომი გინდა? ომი რო დაიწყოს წახვალ შენ? ისევ მე უნდა ვიბრძოლო. კი, მეც ვიყავი 2008 წლის ომში რეზერვისტად და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც წინა ხელისუფლების მილიტარისტულ პროპაგანდას აკრიტიკებდა და მგონია რომ არავინ იცის მშვიდობის ფასი საქართველოს მოსახლეობაზე უკეთ.
მოკლედ წინ კიდევ უფრო რთული და დაძაბული პერიოდი გველის. მაფია თვითგადარჩენის რეჟიმში შეეცდება, რომ გააგრძელოს და აგრესიულად თავს მოგვახვიოს ერთი კაცის ინტერესები და ეს მშვიდობის, ენის, მამული, სარწმუნოების დაცვად შემოგვასაღოს.
როგორ შეიძლება განვითარდეს პროტესტი? როგორი შეიძლება იყოს ახალი ტაქტიკა? შესაძლებელია კი ახალი აგორას შექმნა? ნამდვილი ჰორიზონტალური, სახალხო შეკრების, რომელიც შექმნის და დანერგავს დემოკრატიის კულტურას? სად შეიძლება იყოს პროტესტის ადგილი, სადაც ნებისმიერი შეძლებს მისვლას, დადგომას და იმ თემაზე ლაპარაკს, რაც აწუხებს. მათ შორის პოლიციელებიც, სპეცრაზმელებიც, როცა თავის შავ ნიღბებს გარეცხავენ და გასაშრობად გაფენენ (შენ ხარ გელა? გელაა ხომ ეს?)
რაზე გვაქვს სალაპარაკო? ძალიან ხშირად ვაკეთებ ჩამონათვალს, მორალურ პიედესტალზე კი არ ვდგები, უბრალოდ მგონია რომ ამ ტექსტს ოცნების მომხრეებიც წაიკითხავენ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები წაიკითხავენ და მინდა მათაც შევახსენო როგორ რეალობაში გვიწევს არსებობა. რამდენად აქვს აზრი, არ ვიცი, მაგრამ აბსურდულად არ გეჩვენაბათ, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკი პენსიონერებს საპენსიო სესხებით ძარცვავს, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს აქციების მოწყობა უწევთ, რომ შესაბამისი მკურნალობა მოითხოვონ? მხოლოდ შარშან რომ 170 000 ადამიანმა დატოვა ქვეყანა? ვალები გვახრჩობს და უკანასკნელი საცხოვრებლიდან გვასახლებენ, ამ დროს კი ასეულ მილიონიანი ბრუნვა აქვს სათამაშო ბიზნესს, რომელიც მიზერულ გადასახადებს იხდის ბიუჯეტში და ახლა კიდევ რომ “გადმოვლიან და გაათეთრებენ”?
იქნებ უფრო ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე? გასაგებია, რომ ახლა ამ კანონის წინააღმდეგ ვერთიანდებით, მაგრამ ეს ხომ ევროპულ ღირებულებებისთვის გაერთიანებას ნიშნავს?! მინიმალური ხელფასის მოთხოვნას, უმუშევრობის დაზღვევას.
იქნებ სტუდენტებთან ლექციები კი არა დიალოგია საჭირო, მათი აზრის გაგება, მათი ხედვის გათვალისწინება, მათგან გაფიცვის მაგალითის აღება. განათლების პრობლემებზე ვისთან უნდა ვილაპარაკოთ, თუ არა მოსწავლეებთან, უფასო სასკოლო კვება რომ ვერ აღირსეს. კანონის გაუქმებასთან ერთად რომ მოვითხოვოთ ღირსეული ხელფასი ექთნებისთვის, ექიმებისთვის, დასუფთავების თანამშრომლებისთვის, ბაღის აღმზრდელებისთვის, მასწავლებლებისთვის და ა.შ.
რა თქმა უნდა, ყოველდღე 100000 ადამიანი არ გამოვა და პროტესტის ენერგიაც ტალღასავით მოვა და წავა, მაგრამ პრობლემები ხომ რჩება, თავი რომ დავანებოთ გეოპოლიტიკას, შეთქმულების თეორიებს, მასონებს და მოსალოდნელ ომს, ეს ჩვენი დაყვედრებული მშვიდობა ხომ სინამდვილეში სოციალურ კატასტროფადაა ქცეული, ხალხს თვიდან – თვემდე ძლივს გააქვს თავი, ხელფასს ძლივს იზოგავენ საკვებისთვის, რომლის ფასიც ყოველ დღე იმატებს, უსაფრდებიან ფასდაკლებებს აფთიაქებში და მაინც წარმოუდგენელი ფასნამატებით უწევთ წამლების შეძენა და ეშინიათ საავადმყოფოში მოხვედრის. ქვეყნის მთელი დოვლათი გადანაწილებულია 1%-ის ხელში და ეს გაზულუქებული არაპროფესიონალები ცდილობენ ჩვენს დაყოფას პოლიტიკური ნიშნით, გვხლეჩენ და გვაპირისპირებენ, რომ შემდეგ ჩვენი მართვა გაიმარტივონ. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას საერთო პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემების მოგვარება არ არის რთული თუ იქნება ხალხის ნება. ამ ეტაპზე ჩვენს ბედს ხელისუფლების ნება, უფრო ზუსტად კი ერთი ოლიგარქის ნება განსაზღვრავს. ვთანხმდებით ამას? ასე წარმოგვიდგენია დემოკრატია?

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს