ავტორეექსპორტში კონკურენცია იზრდება – ქართველ დილერებს ყაზახი და ყირგიზი შუამავლები ჩანაცვლებენ – ასოციაცია (bm.ge)
“ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან რეექსპორტი გაიზარდა, მაგრამ ვის გაჰყავს ავტომობილი, ამას ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?” – ავტოინდუსტრიაში გაზრდილი კონკურენციის გამოწვევაზე BMG-ის ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ავტომობილთა რეექსპორტში ქართველ დილერებს კონკურენციას ყაზახი და ყირგიზი შუამავლები უწევენ, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს.
“თუ ჩავალთ ფოთის პორტში, ვნახავთ, რომ რიგში საკმაოდ ბევრი ყაზახი და ყირგიზი ავტოდილერი დგას და ქართველი სულ უფრო ნაკლებად არიან. გადაფორმების მომსახურების ცენტრშიც საკმაოდ ბევრნი არიან და ბაზარზე, სადაც ქართველი დილერი დგას, მომხმარებელმა იკლო. ფაქტია, რომ კონკურენციას გვიწევენ. ამიტომ, ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი სახელმწიფოს, თავისი მოვალეობის ფარგლებში. გვერდში უნდა დაგვიდგნენ, რადგან რეექსპორტში პირველი დარგი ვართ, მოგვწონს ეს თუ არა, იმპორტშიც მოწინავე ვართ.
სახელმწიფოს როლი ისაა, რომ საკანონმდებლო ინიციატივებით დაგვიდგეს როლში. ასოციაციის როლს კი იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა ბიზნესსუბიექტები და სახელმწიფო დააკავშიროს და ამ პრობლემის გარშემო გააერთიანოს, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ამ კონკურენციისთვის ხელის შეშლას და მონოპოლიის ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ; მაგრამ როცა რაღაც პრობლემაა, საჭიროა, რომ სახელმწიფო, დილერები, ლოგისტიკური კომპანიები გავაერთიანოთ ჩვენი ფრთის ქვეშ. თავის მხრივ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპიც არ უნდა დაზიანდეს”, – ამბობს ალექსი ნონიაძე.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ცალკეული ბიზნესების ინიციატივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ყველა რგოლი თავის როლს შეასრულებს, საქართველო ამ კონკურენციას უფრო მარტივად დაძლევს.
ბიზნესინიციატივის მაგალითად ნონიაძემ Lion Trans-ის შეთავაზება მოიყვანა, რომლის ფარგლებშიც კომპანია ქართველ ავტოდილერებს $50 000-დან $200 000-მდე უპროცენტო დაფინანსებას სთავაზობს.
“მესმის დილერების განწყობა, რომ პრობლემა უცებ ვერ გამოსწორდება, ეს პრობლემა ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ დაიწყო და ცალკეული კომპანიების ერთეული გადაწყვეტილებები საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, მაგრამ ეს დასაწყისია, რომ ბიზნესმა ნაბიჯი გადადგა და ცდილობს, თვითონვე გამოასწოროს მდგომარეობა. თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ ბიზნესი თავის როლს შეასრულებს, ასოციაციაც აქაა და ბიზნესიც დაინახავს, რომ Lion Trans-მა გადმოდგა ნაბიჯი, რაღაც შედეგს აუცილებლად მივიღებთ”, – განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, 2024 წლის იანვარ-მაისში ავტომობილების რეექსპორტში საქართველოს მთავარი ბაზრები ყირგიზეთი და ყაზახეთი იყვნენ, სადაც, შესაბამისად, $516 872 400 და $281 234 100 ღირებულების ავტომობილები გავიდა. ყირგიზეთის შემთხვევაში ზრდა წლიურად 56%-ია, ყაზახეთში კი – 18.5%.
bm.ge
