ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება – შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ძვირდება

ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება – -ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ძვირდება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანახმად:
· ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური, ნაცვლად 30 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარით;
· სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, საფასური 60 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 130 ლარით;
· ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური, ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 130 ლარით.
· პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, ღირებულება მცირდება 30 ლარით, შესაბამისად საფასურად განისაზღვრება 100 ლარი.
· თუ სააგენტო უარს განაცხადებს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმების მიზნით წარმოადგინოს სააგენტოში, რისთვისაც პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.
„წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების ცვლილება მომსახურების სააგენტოს შემოსავალს გაზრდის დაახლოებით 15 000 000 ლარით. აღნიშნული თანხობრივი მაჩვენებლის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული რეექსპორტის რაოდენობა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, მომსახურების სააგენტომ 2023 წელს განახორციელა 116 000-ზე მეტი ექსპორტის პროცედურა და რეექსპორტი, საიდანაც დაახლოებით 100 000 არის რეექსპორტი. წარმოდგენილი ცვლილებით, რეექსპორტისთვის განკუთვნილ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე საფასური იზრდება ჯამში 150 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.