ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა დაახლოებით ბაზარზე დღეს არსებული მთლიანი ბრუნვის 58%-ს შეეხება.
როგორც BMG-სთან Caucasus Auto-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, მოლოდინია, რომ მოთხოვნის ნაწილი 6 წელზე ნაკლები წლოვანების ავტომობილებზე გადავა. თუმცა ალექსანდრე ვეკუას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შედარებით ნაკლები წლოვანების მანქანები უფრო ძვირია, ბაზრის გარკვეული სეგმენტი, დაახლოებით 30% საერთოდ დაიკარგება.
ალექსანდრე ვეკუა არ გამორიცხავს, რომ ახალი შეზღუდვის გამო შედარებით მცირე ავტოიმპორტიორებმა ბაზარი საერთოდ დატოვონ.
“2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი ისედაც შეზღუდულია ქვეყანაში ევრო 4-ის სტანდარტის გამო და ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის. ანუ, 2020 წლიდან 2013 წლამდე იმპორტირებული ავტომობილები არის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 58%. გამოდის, რომ ახალი ინიციატივა შეეხება იმპორტირებული ავტომობილების 58%-ს. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და პრაქტიკულად განახევრებას ნიშნავს.
რაღაც ნაწილი 6 წელზე უფრო ნაკლები ავტომობილების სეგმენტში გადაინაცვლებს, თუმცა ეს ვერ იქნება ყველა. სავარაუდოდ, 58%-ის ალბათ ნახევარი გადაინაცვლებს 6 წელზე უფრო ახალი ავტომობილების სეგმენტში და ის დანარჩენი სეგმენტი პრაქტიკულად დაიკარგება. სავარაუდოდ, 30-დან 40%-მდე გავლენა ექნება ამას ჩვენზე, კლება გვექნება დაახლოებით 30-40% იმპორტში, თავისთავად რეალიზაციაშიც.
შესაძლოა, ზოგმა საერთოდ დატოვოს ბაზარი, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. და რაც ყველაზე მთავარია, ალბათ ბიუჯეტურ ავტომობილის მსურველს, ვისაც უნდოდა აქამდე ჰყოლოდა თავისი პირადი ავტომობილი, პრაქტიკულად ამ ინიციატივით შანსს, შეიძლება ითქვას, რომ ვართმევთ. ყოველ შემთხვევაში, ვუძვირებთ ავტომობილის ყოლას.
ამან შესაძლოა თავისუფლად გამოიწვიოს პატარა მოთამაშეების საერთოდ ბაზრიდან გასვლა. ჩვენ დიდი ორგანიზაცია ვართ, რაღაც რყევებს გამოიწვევს, თუმცა ბაზარზე დავრჩებით, მაგრამ ის კომპანიები, რომლებიც პატარა მოთამაშეები არიან, დიდი ალბათობით ნახევარი შეიძლება ბაზრიდან გავიდეს საერთოდ”, – განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.




