2024 წლის 9 თვეში საქართველოდან 1.7 მლრდ აშშ დოლარის 78,610 ერთეული ავტომობილი გადაიყიდა.
ავტომობილების რეექსპორტში პირველი ადგილი ყირგიზეთს უკავია, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან.
მარტივად რომ ვთქვათ, საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით, ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში – ყირგიზეთში, 96%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი და ჯამში 838 მილიონი დოლარი შეადგინა. ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება 36 ათას დოლარს შეადგენდა.
საგულისხმოა გარემოება, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებამდე ყირგიზეთში ავტო ექსპორტი სულ რამდენიმე მილიონი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტზე გასული ავტომობილის საშუალო ფასი 5-6 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ ავტომობილების ექსპორტზე დასავლეთმა შეზღუდვები დააწესა, ყირგიზეთმა საქართველოს ავტო ექსპორტში ნომერი პირველი ადგილი დაიკავა. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ თავად ყირგიზეთი, სადაც საქართველოდან სარეკორდო რაოდენობის ავტომობილი გაიყიდა, რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციებთან მიერთებული არაა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძე „კომერსანტის დილასთან“ ადასტურებს, რომ ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად ცენტრალურ აზიაში ხდება. გარდა ამისა, გაზრდილი რეექსპორტის პირობებში ადგილობრივი დილერები ზარალდებიან, რადგან პროცესი მათი გვერდის ავლით მიმდინარეობს.
„ავტომობილების რეექსპორტის ძირითადი ნაწილი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის. რაღაც რაოდენობით გადის, მაგრამ ნაკლებად აქტიურობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მაგალითად: აზერბაიჯანი, ირანი და სომხეთი. გამოწვევაა ის, რომ ქართველი დილერების გვერდის ავლით, ხშირ შემთხვევაში „დემპინგური ფასით” ცდილობენ ავტომობილები უფრო იაფად გაიყვანონ ყაზახებმა და ყირგიზებმა; თანაც ისინი სარგებლობენ ფოთისა და ბათუმს პორტებით და უკვე ტრანზიტის ფუნქციას ვასრულებთ. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, რომ ეს ავტომობილები რუსეთში შედიოდეს, თუმცა შიდა მოხმარებისთვისაც მიაქვთ“,- აღნიშნა ნონიაძემ.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ასაცილებლად აუცილებელია ავტოიმპორტის დარგი პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკების დროს მეტად პრიორიტეტული გახდეს.
„ალბათ, გაგიკვირდებათ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს დახმარებას როგორ ითხოვენო, თუმცა შეახსენებთ, რომ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების დროს ხშირად არის, რომ ერთი მხარე კონკრეტულ საკითხს აყენებს, მაგალითად, ესა და ეს დარგი ჩემთვის არის პრიორიტეტული და მინდა მისი შენარჩუნება; სამაგიეროდ გარკვეული მიმართულებებით დათმობებზე წავალ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოლაპარაკებების დროს იგივე ყაზახურ და ყირგიზულ მხარესთან წინა პლანზე გადაინაცვლოს ავტომობილების საკითხმა.
დილერები ცდილობენ პოზიციები შეინარჩუნონ, თუმცა სადამდე ეყოფათ კაპიტალი და ძალები არ ვიცი“,- თქვა ნონიაძემ.
,,კომერსანტი” შეგახსენებთ, რომ დემპინგურია ფასი(dumping price), რომელიც შიდა ბაზრის ფასებთან, მათ შორის, წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯებთან შედარებით განზრახ შემცირებულია. მას გამყიდველი აწესებს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით.