ავტოიმპორტიორებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის შეხვედრა ჩაინიშნა – რას ითხოვს სექტორი?

ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ. შეზღუდვა პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს. ავტოიმპორტიორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას ამ წუთებში მართავენ.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსი ნონიაძემ “საქმის კურსში” განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, საშეღავათო პერიოდი მიეცეთ და რეგულაცია რამდენიმე თვით გადავადდეს მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას.
“რამდენიმე კითხვის ნიშანია. ვისაც ავტომობილი ჰყავს შემოყვანილი წლის ბოლომდე, სრულად შეძლებს თუ არა საგადასახადო კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლოს, რადგან მოგეხსენებათ, პირველი იანვრიდან რეგისტრაცია იკრძალება. ამ კითხვაზე პასუხს ველოდებით. მეორე კი მოთხოვნაა. ბიზნესის ნაწილმა შეიძინა ავტომობილები და ობიექტური მიზეზების გამო, მანქანების გზაში გადაადგილება შეიზღუდა. ვთხოვთ, გაითვალისწინონ ამ ადამიანების პრობლემა და გარკვეული გარდამავალ დრო მისცენ”, – აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.