ავტოდილერები, ზამთრის თვეებში, მანქანებზე ფასების კლებას ელიან

ავტოდილერები, ზამთრის თვეებში, მანქანებზე ფასების კლებას ელიან. როგორც მსხვილ კომპანიებში, ისე ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ სექტორს სეზონურობა ახასიათებს და როგორც წესი, წლის პირველი კვარტალი რეალიზაციის კუთხით პასიურია ხოლმე.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ – ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა, იანვარ-თებერვლის თვეებში, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები მცირდება, რაც ფასებზე, კლების თვალსაზრისით, გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ზოგადად, 2025 წლის შეჯამებას, ნონიაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს როგორც იმპორტის, ისე რეექსპორტის მაჩვენებლებში ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის 10 თვეში, საქართველოდან უცხოეთში 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ღირებულების 93 ათასი ავტომობილი გავიდა. ამ ავტომობილების ნახევარი ყირგიზეთში გაიყიდა. საქართველოდან ექსპორტირებული მანქანების რაოდენობით შემდეგ პოზიციებზე ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან. ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები კი 3 ქვეყნის შესახებ, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი მანქანა გაყიდა, ასეთია:
· – 35,225 მანქანა – $1,166 მილიონი
· ყაზახეთი – 37, 093 მანქანა – $639 მილიონი
· აზერბაიჯანი – 6,771 მანქანა – $181 მილიონი
რაც შეეხება სექტორში არსებულ გამოწვევებს, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ქართველი დილერებისთვის კვლავ დაბრკოლებად რჩება არაჯანსაღი კონკურენცია და დემპინგური ფასები.
„ქართველ დილერებს ძალიან უჭირთ კონკურენციაში შესვლა არარეზიდენტ პირებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ავტობიზნესით არიან დაკავებულები, აქვთ თავიანთი ავტობაზრობები, ე.წ პროფილაქტიკები, თუმცა არანაირ გადასახადს არ იხდიან. შემოსავლების სამსახურმა, რამდენიმე კვირის წინ, ამ უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება დაიწყო და შემოწმდა რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი, რომელთაც ჯამში, 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ჯარიმა დაეკისრათ. თუმცა, ამ შემოწმებას, ჯერჯერობით, ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. ვფიქრობ, ქართული ავტობიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ნონიაძემ.
მისივე განმარტებით, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციას შემდგომშიც განაგრძობს, რათა არარეზიდენტი ავტოდილერების შემოწმებამ სისტემური ხასიათი მიიღოს.
bp.ge