ავტოდაზღვევა, შესაძლოა, ფუფუნების საგანი გახდეს – „ბბ დაზღვევა“ (BMG)

გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ლოგისტიკური კრიზისი და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა სადაზღვევო სექტორზე, განსაკუთრებით კი ავტოდაზღვევის მიმართულებით – ამის შესახებ BMG-სთან „ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე საუბრობს.მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ტარიფების კორექტირებას განაპირობებს, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაძვირებაა – ავტოდაზღვევის ტარიფის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ზარალის რეგულირების ხარჯები თამაშობს. როდესაც ავტომობილის შეკეთება ძვირდება, კომპანიებს პოლისის ფასის გადახედვაც უწევთ.„სადაზღვევო პაკეტები სავარაუდოდ, გაძვირდება. ეს გლობალური ტენდენციებს უკავშირდება – თუნდაც ნავთობზე ფასის ზრდა იქონიებს ყველანაირი პროდუქციის ფასზე ძალიან დიდ გავლენას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ სერვისი და მანქანის ნაწილების ფასი განმსაზღვრელი ფაქტორია. მანქანების ნაწილების ფასი კი, ლოგისტიკის გათვალისწინებით გაიზრდება“.კოტე სულამანიძის განმარტებით, გარდა საწვავისა და ლოგისტიკისა, პრობლემას წარმოადგენს დეფიციტიც. ბაზრის დიდი ნაწილი დუბაიდან მომავალ მარაგებზე იყო დამოკიდებული, სადაც წარმოება შემცირდა, ტრანსპორტირება კი გართულდა.კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ავტონაწილების ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს, ძველი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციებია. საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა პრაქტიკა, როდესაც დაზიანებული მანქანები ნაწილებად დასაშლელად შემოჰყავდათ, რაც სადაზღვევო შემთხვევებისას შეკეთების ხარჯებს ამცირებდა.„უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ავტომობილების პარკი, რომელიც დაზღვეული ჰყავთ სადაზღვევო კომპანიებს, შეკეთების დროს ძალიან ხშირად ისეთ ნაწილებს იყენებს, რომლებიც დაშლილი ავტომობილებიდანაა აღებული. ეს ავტომობილები საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდათ, ახდენდნენ მათ განბაჟებას და შემდგომ აქ შლიდნენ. ლოგიკურად, შესაძლებელია პირდაპირ დაჭრილი მანქანა ჩამოიყვანონ, მაგრამ იყო ტრენდი, რომ უფრო სარფიანი იყო დაზიანებული მანქანის ჩამოყვანა, განბაჟება და აქ დაშლა. [ახალი რეგულაციები] თავისთავად გააძვირებს ნაწილის ღირებულებას“, – განმარტავს „ბბ დაზღვევის“ ხელმძღვანელი.კოტე სულამანიძე მიიჩნევს, რომ ტარიფების ზრდის პირობებში არსებობს რისკი, დაზღვევა მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმიუწვდომელი გახდეს. ერთადერთი გზა ფასების დასასტაბილურებლად და სექტორის განვითარებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაა.„ტარიფი გაიზრდება და დაზღვევის შეძენა უფრო ფუფუნების საგანი გახდება. ეს რომ ასე არ მოხდეს, მასაზე გასვლაა საჭირო. მასაზე გასვლისთვის კი მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევის შემოღება, რომელიც უკვე ყველა მომხმარებელს შეეხება. ამ დივერსიფიკაციის წყალობით შესაძლებელი იქნება ტარიფის დაწევა. ეს პრაქტიკა მსოფლიოში ყველგან მუშაობს და ასე ხდება ტარიფის კორექტირება. პირველ რიგში, სავალდებულო დაზღვევა საჭიროა სოციალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე და თუ ქვეყანა ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ტარიფზე დადებით ზეგავლენას მოახდენს“, – ამბობს კოტე სულამანიძე.bm.ge