ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგზე ₾20 მილიონამდე დაიხარჯება – რას გეგმავს “ვისოლი”?

“ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ კომპანია ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგს გეგმავს, რაზეც 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მან სამომავლო გეგმებზე BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც ვასილ ხორავამ “საქმიან დილაში” განაცხადა, კომპანიის 120 სადგურიდან, წლის ბოლომდე, ნახევარი რებრენდირებული იყოს.
“ვისოლის მიზანი რებრენდინგია და 2025 წლის ბოლოს ავტოგასამართი სადგურების 50% რებრენდირებული გვექნება, განახლებული ინფრასტრუქტურით, მეტი “სმარტით”, მეტი სწრაფი კვების ობიექტით. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, გარდა მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტებისა, კომპელქსურობაა. მომხმარებელი ჩვენი ტიპის ინდუსტრიებიდან მეტი სერვისის მიწოდებას ითხოვს, ვიდრე ბენზინის ან დიზელის ჩასხმას. რამდენიმე წელზეა გადანაწილებული და რებრენდინგის მიმართულებით დაახლოებით 20 მლნ ლარამდე თანხა ეტაპობრივად დაიხარჯება.
ამავე დროს, ჩვენს ინფრასტრუქტურაში ელექტროდამტენების შესაბამისი მოწყობილობები დამონტაჟება გვინდა. უახლოეს პერიოდში საკმაოდ დიდ შესყიდვებს გავაკეთებთ. გვინდა ფეხი ავუბათ ტრენდს, რომელიც ქვეყანაში ელექტრომანქანების იმპორტის მიმართულებითაა”, – განაცხადა ვასილ ხორავამ.
მისივე თქმით, კომპანია თვითმომსახურების სერვისის დანერგვასაც უფრო აქტიურად გეგმავს, რაც საოპერაციო ხარჯების დაზოგვას უზრუნველყოფს.
“დღეს საპილოტე 10 ბენზინგასამართი სადგური გვაქვს ჩართული, თუმცა 2026 წელს ტექნოლოგიური გადაიარაღებაც გვინდა, ამგვარად თვითმომსახურების სერვისებს უფრო მასიურად მივაწვდით და ტექნოლოგიურ პროცესებზე გადავიყვანთ. ესაა, რაც გეგმაში გვაქვს”, – თქვა “ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა.