ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა – რამდენი ჯარიმა დაიწერა წელს?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 11 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 1,383 მლნ ლარით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 11 თვეში უბილეთო მგზავრებზე 3 345 028 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში კი 1 961 372 ლარის.
გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 11 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 329,807 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 254,757 მლნ ლარი.