საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს. აღნიშნულ საკითხზე მევლუდ მელაძემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა საქართველოში აუცილებლად უნდა დაინერგოს, თუმცა კომპანიების მიერ შემოთავაზებული პაკეტები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“თუ ადამიანებს ვალდებულების ტვირთს არ ჩამოკიდებ, მაშინ [დაზღვევას] გადაავადებს, იქნებ მე არ შემემთხვეს ავარია-ო, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა მაინც ხდება. თუ ავტომობილი უნდა ვმართოთ და ეს ჩვენი სურვილია, ამას უნდა მოჰყვებოდეს ვალდებულება, რომ ეს ავტომობილი და პროცესი დავაზღვიოთ. დაზღვევაში კიდევ ერთი ნიუანსია, უნდა მოქმედებდეს რეალურად და არა ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში: ცოტაა თავისი ნებით დაზღვეული, როცა შემთხვევა დგება, სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ ზარალს და შემდეგ მიდის ძალიან დიდი პრესინგი იმაზე, რომელი მხარე იყო დამნაშავე, რომ ეს თანხა მისგან ამოიღონ, რადგან სადაზღვევო პრემია საკმარისი არ არის – ვფიქრობ, ეს არასწორია და არსებული მოდელები, რომლებიც წლების განმავლობაში დაიხვეწა და გაიფილტრა, აქაც უნდა დაინერგოს, რომ ავტომობილს ვერ მართავ დაზღვევის გარეშე, თუ მართავ, მაშინ პოლიცია რომ გაგაჩერებს, დიდი ჯარიმა უნდა იყოს. სავალდებულო დაზღვევა არ უნდა იყოს ძვირი, უნდა არსებობდეს იაფიანი პაკეტები. შენი დაზღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევას რა ზარალიც მოჰყვება, შენსას არავინ არაფერს გიკეთებს, აკეთებენ დაზარალებული მძღოლის მანქანას, რადგან შენი პასუხისმგებლობაა”, – განმარტავს მევლუდ მელაძე.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სადაზღვევო ინდუსტრიის პრობლემებზეც საუბრობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაზიანების ფაქტებს ეხება. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტობუსი დაზღვეულია, ათობით ათასი ლარის ზარალის ანაზღაურება ავტომობილის მძღოლს უწევს, რაც რიგით მოქალაქეს მძიმე ტვირთად აწვება.
“არის შემთხვევები, როდესაც ამ თანამედროვე ავტობუსებს ეჯახებიან. ეს ავტობუსები ძალიან ძვირია, ახალია და მათი აღდგენა კატასტროფულად ძვირი ჯდება. ავტობუსები დაზღვეულია, მაგრამ დაზღვევის იგივე მოდელი მოქმედებს, თუ ვიღაც დაეჯახება ამ ავტობუსს, სადაზღვევო მას აკეთებს, მაგრამ შემდეგ 70-80 ათასის გადახდის ვალდებულება იმ კონკრეტულ მძღოლს ეკიდება, რომელიც შეეჯახა ავტობუსს. მძღოლს, რომელიც მოძრაობს სულ რაღაც 1500-ლარიანი ავტომობილით, ამხელა პასუხისმგებლობას თუ ჩამოკიდებ, ჩათვალე, რომ ის დაღუპულია. თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რომ სავალდებულო დაზღვევა შემოიღოს, რიგი მიზეზების გამო, მაშინ ვფიქრობ, რომ ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც უნდა იყოს ორმხრივად დაზღვეული, რომ თუ ვიღაცა მას ეჯახება, ვინც ეჯახება, მას მაინც არ დაეკისროს ამხელა ტვირთი”, – ამბობ მევლუდ მელაძე.
„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ ამოქმედება საქართველოში უკვე არაერთი წელია იგეგმება. დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა და მოლოდინია, რომ მას ახალი მოწვევის პარლამენტი შეკრების შემდეგ განიხილავს. სექტორი კანონის ამოქმედებას 2026 წლისთვის ელოდება.
bm.ge