ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტია იმარჯვებს, მმართველი პარტია მეორე ადგილზეა

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური “ავსტრიის თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს, რომელსაც ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს, – ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ არჩევნებში ხმების 29.2 %-ი მოიპოვა.
მეორე ადგილზეა მმართველი კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“, რომელსაც კანცლერი კარლ ნეჰამერი ხელმძღვანელობს და რომელმაც არჩევნებში ხმების 26.5%-ი მიიღო. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ – 21.1%-ი, პარტიამ „ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი“ – 9%-ი, მწვანეებმა კი – 8%-ი.
მცირე პარტიებმა, როგორიცაა „ავსტრიის კომუნისტური პარტია“ და „ლუდის პარტია“, ავსტრიის პარლამენტში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების 4%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები მიიღეს.
ხმების დათვლისას გათვალისწინებული იქნა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების უმრავლესობა. დარჩენილი ხმების დათვლა, სავარაუდოდ, 3 ოქტომბრამდე მოხდება.
შეგახსენებთ, ავსტრიაში საპარლამენტო გუშინ ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 78%-ი შეადგინა.