ავსტრიის მცხოვრები მისი ეზოს ტბორში ბაყაყების ძალიან ხმამაღალი ყიყინის გამო დააჯარიმეს

ავსტრიის მცხოვრები, რომელსაც ჰქონდა სახლი ბაღითა და ტბორით, 30 000 ევროთი დააჯარიმეს, რადგან ბაყაყები ამ ტბორში ძალიან ხმამაღლა ყიყინებდნენ.
საჩივარი მეზობელმა შეიტანა, რომელსაც ხმაურის გამო ღამით ფანჯრების გაღება აღარ შეეძლო. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ყიყინი, რომელიც, როგორც წესი, ბუნებრივი გარემოს ნაწილად ითვლება, მართლაც სერიოზულ უსიამოვნებად იქცა, რაც სამართლებრივ ზომებს საჭიროებდა.
საქმე ისაა, რომ ტბორში დაახლოებით 50 მამრი ბაყაყი დასახლდა, რომლებიც შეჯვარების სეზონზე გამოსცემენ ხმას რაც ნახევარ კილომეტრამდე მანძილზე ისმის. ეს შეიძლება დღეები გაგრძელდეს, რადგან მამრი ბაყაყები გამუდმებით ყიყინებენ მდედრების მისაზიდად.
ავსტრიაში ბაყაყები დაცულ სახეობად ითვლება. წინა მსგავს საქმეებში სასამართლოებმა ყიყინთან დაკავშირებული სარჩელები უარყვეს და განაცხადეს, რომ ეს ხმები ბუნებრივი გარემოს ხმაურის ნაწილია და შესაბამისად, რეგულირებას არ ექვემდებარება. თუმცა, ამ შემთხვევებში საუბარი არ იყო ბაყაყების ამდენ რაოდენობაზე.
ახლა დაჯარიმებულმა ასევე უნდა გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა „შეამციროს ან აღმოფხვრას ყიყინი“, რომელიც მის მეზობელს აწუხებს. თუმცა, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ ამბობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის მიღწევა – შეცვალოს ჰაბიტატი ისე, რომ ტბორში ნაკლები ბაყაყი დარჩეს, შექმნას ხმის იზოლაცია თუ გადაიტანოს ამფიბიები სხვა ტბორში.
გადაწყვეტილებამ დებატები გამოიწვია, განსაკუთრებით გარემოსდამცველებს შორის, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება პრობლემური იურიდიული პრეცედენტი შექმნას.
გარემოს დამცველების თქმით, ბაღის ტბორები ღირებულ თავშესაფრებად იქცა ამფიბიებისთვის, რომელთა ბუნებრივი ჰაბიტატი ურბანიზაციის გამო მცირდება.