ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განაცხადებით, მისი ქვეყანა არსებულ პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება.
ამის შესახებ კარლ ნეჰამერმა 11 დეკემბერს ავსტრიის პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, არავის არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირი გაწევრიანებისთვის განსაკუთრებული პირობები.
როგორც ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, უკრაინის მიმართ პრეფერენციები არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით.
„ავსტრია ყოველთვის მხარს უჭერდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას. ახლა სოლიდარობის ნიშნად უკრაინას და მოლდოვას რესპუბლიკას ასევე უნდა შესთავაზონ გაწევრიანების პერსპექტივა“, – განაცხადა ნეჰამერმა.
თუმცა მისი თქმით, ავსტრია ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის წინააღმდეგია. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება ავსტრიისთვის რეფორმების „ძრავაა“ შესაბამის ქვეყნებში.
გარდა ამისა, ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ ასევე აუცილებელია ევროკავშირის შიდა რეფორმები, რადგან გაერთიანება გაფართოებისთვის მზად იყოს.
ამასთან, ავსტრიის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ უკეთესია კეთილდღეობისა და სტაბილურობის ექსპორტი, ვიდრე არასტაბილურობის იმპორტი, განსაკუთრებით უშუალო სამეზობლოში.
დეკემბრის დასაწყისში ავსტრიამ მოუწოდა ევროკავშირს, რომ დააჩქაროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, კერძოდ ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების პროცესი, რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და დაცვა გარე გავლენისგან.
მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით უკრაინას არ უნდა მიანიჭონ უპირატესობა, როდესაც გადაწყვეტენ, დაიწყებენ თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გარდა ამისა, შემდეგ ეტაპზე გადასვლას ელოდება კანდიდატის სტატუსის მქონე ბოსნია და ჰერცოგოვინაც. ნოემბერში ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.