ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო იმან, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა მოკავშირეების მოსმენაზე უარს ამბობს.
„მან კიდევ ერთხელ გამიმეორა ის, რაც საჯაროდაც უთქვამს და ეს ნიშნავს, რომ თვალს ხუჭავს უდანაშაულო ხალხისთვის მიყენებულ შედეგებზე“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
ენტონი ალბანეზეს ცნობით, ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს.
ავსტრალიის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ „ჰამასს“ არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.
