პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი, რომელიც 2022 წლიდან ხელმძღვანელობს ქვეყანას, შესაბამისად, კვლავ დაიკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს. ის გახდება პირველი ავსტრალიელი პრემიერ-მინისტრი ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაიკავებს ამ თანამდებობას.
ექსპერტთა შეფასებით, ლეიბორისტების გამარჯვება მოსალოდნელზე უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა. ისინი ხაზს უსვამენ ოპოზიციური კოალიციის – ლიბერალური და ნაციონალური პარტიების ლიდერის, პიტერ დატონის წარუმატებელ საარჩევნო კამპანიას. მათი თქმით, მან გააკეთა ფსონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სტილის პოპულიზმზე. ამასთან, ბევრი ავსტრალიელი ამომრჩეველი უკმაყოფილო დარჩა ტრამპის მიერ ავსტრალიური საქონლისთვის 10%-იანი ტარიფის დაწესებით და, როგორც ეს ახლახან კანადაში გამართულ არჩევნებზე მოხდა, ხალხმა მხარი დაუჭირა მოქმედი მთავრობის ლიდერს, რომელიც პირობას დებს, რომ დაიცავს ქვეყნის ინტერესებს ვაჭრობის სფეროში, მათ შორის, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს. ალბანიზი კამპანიის განმავლობაში ტრამპის მიმართ მკაცრი კრიტიკისგან თავს იკავებდა, კანადის არჩევნებში გამარჯვებულ მარკ კარნისგან განსხვავებით.
არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოცხადებული, თუმცა, როგორც ჩანს, ლეიბორისტები არამხოლოდ შეინარჩუნებენ საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ადგილების რაოდენობას გაზრდიან კიდეც. არჩევნებამდე მათ 150-ადგილიან პარლამენტში 77 მანდატი ჰქონდათ. ოპოზიციური კოალიცია, სავარაუდოდ, სულ მცირე 5 მანდატს დაკარგავს, ხოლო მწვანეთა პარტიას, რომელსაც აქამდე 4 ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი დარჩება.
ალბანიზს გამარჯვება მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მზად არის გააღრმაოს ურთიერთობები ავსტრალიასთან საერთო ინტერესების მისაღწევად, მათ შორის, ინდო-წყნაროკეანურ რეგიონში თავისუფლებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართულებით.
ფორუმი
