„ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ისევ გადაიდო – ამჯერად 2024 წლის დეკემბრამდე

მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიდო. ამჯერად 2024 წლის დეკემბრამდე. ვადის გადაწევაზე შეთანხმება უკვე გაფორმებულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და კონტრაქტორ შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის.
„სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საჭირო გახდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება… ზემოაღნიშნულის გათვალისწინება იწვევს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას“, – წერია შეთანხმების დოკუმენტში.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები „ბადა ქონსთრაქშენს“ ტენდერის გარეშე, 4,2 მილიონ ლარად დაუკვეთა. 2022 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში.
პირველადი შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2023 წლის 15 ივლისამდე. მას შემდეგ ვადამ ორჯერ გადაიწია:
· 2023 წლის 14 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით 2024 წლის 15 მარტამდე;
· 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული შეთანხმებით 2024 წლის 24 დეკემბრამდე.
თუმცა, ჯერ კიდევ 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერი, ამბობდა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ რებილიტაციის დასრულება ზაფხულამდე გადაიდებოდა.
„რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, – თქვა თბილისის მერმა.
ეს განცხადება თბილისის მერმა წერეთლის გამზირზე გააკეთა, რომლის სრული რეაბილიტაციის დასრულებაც, ასევე, გვიანდება – თავდაპირველი დაპირებისგან განსხვავებით, 1 თებერვალს მხოლოდ გზის სავალი ნაწილი გაიხსნა.
რაც შეეხება „ბადა ქონსთრაქშენს“ მას კიდევ ერთი მეტროსადგურის – „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. 2022 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს, ვადა 2024 წლის ივნისში იწურება.

ასევე დაგაინტერესებთ