ოფიციალური კიევი ბელგოროდის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის უწყება კი ამტკიცებს რომ კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ 76- მა რომლის ბორტზეც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, ასევე, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი.
თვითმფრინავში მყოფი 74-ვე ადამიანი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის რაიონში გაიგზავნა საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისია, რომელმაც მიზეზები უნდა დაადგინოს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია.
აგრესორი რუსეთის დუმის დეპუტატები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ და დასავლეთს “მოუწოდებენ გამოფხიზლდეს” ვის აფინანსებს. დუმა აშშ-ისა და გერმანიისთვის მიმართვასაც ამზადებს, იმისთვის, რომ გაირკვეს რომელი რაკეტებით შეიძლებოდა თვითმფრინავის ჩამოდგება. გარდა ამისა, კრემლის რუპორმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს სია, სადაც მათივე მტკიცებით, იმ უკრაინელი სამხედროების ჩამონათვალია, რომლებიც დღეს უნდა გაეცვალათ.
რუსული პროპაგანდის პასუხად ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არ არის რეალური სია, რადგან იქ მოყვანილი გვარებიდან, ნაწილი უკვე თავისუფალია.
სამხედრო ექსპერტები კი აცხადებენ, რომ დღემდე არც ერთი ფაქტი არ არსებობს სამხედრო ტყვეების თვითმფრინავით გადაყვანის და როგორც წესი, მძევლებს სასაზღვრო ზონაში ცვლიან და ისინი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაჰყავთ.
ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსული ილ 76 დღეს ეგვიპტის ტერიტორიიდან აფრინდა.