2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყნიდან 6.8%-ით ნაკლები ვიზიტორი გავიდა, შემცირდა საზღვრის კვეთის სტატისტიკაც, ამ შემთხვევაში კლება 7.4%-ია. ორივე მიმართულებით პირველ ორ კვარტალში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ შემცირებას კერძო სექტორში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.
გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ტურისტული სააგენტო “კლარკ & რობინსონის” აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი გაძვირებული მოგზაურობაა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში პერიოდულად გაძვირდა ავიაბილეთები, სასტუმრო, კვება და ტურისტული ატრაქციების მონახულება, რაც მოგზაურებისთვის დიდი დარტყმაა
“თუ შევადარებთ “კოვიდამდე” პერიოდს, არამგონია ამ პერიოდთან შედარება მართებული იყოს, მაგრამ თუ მაინც შევადარებთ, უხეშად რომ ვთქვათ, ავიაბილეთები საშუალოდ 50%-ით გაძვირდა. ასევე, სასტუმროები თითქმის 100%-ით არის გაძვირებული, გაძვირებულია კვებაც.
მაგალითისთვის: სტამბოლი, სადაც ვგეგმავთ ვიზიტს ცისტერნაში, აიასოფიაში, დღეს 30 ევროს ფარგელბში არის თითეულში ვიზიტის ღირებულება. არადა ადრე აიასოფია იყო უფასო, ცისტერნაში ვიზიტი 20 ევროც არ ჯდებოდა.
იგივე ევროპაში, მუზეუმებში ვიზიტები ძალიან გაძვირებულია, კვების ფასიც გაზრდილია, ამიტომ მთლიანობაში, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა,” – ამბობს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ტურისტული სააგენტო “კლარკ & რობინსონის” აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე.
ცნობისთვის: III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 675.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წლირად 14.1 -იანი ზრდაა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 1 120.8 ლარი შეადგინა.