ავთანდილ წულაძე – მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს

მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობაზე უკრაინის საკითხსა და ევროპული უსაფრთხოების პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, გასულ კვირას დასრულდა მიუნხენის კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ, კონფერენციის ფარგლებში გამართულმა მსჯელობებმა მეტი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
თან ისეთ საკითხებში, როგორიცაა თუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, ექნება თუ არა უსაფრთხოების გარანტიები ს, როგორი იქნება ამ პროცესში ევროპის როლი.
ვნახეთ, რომ მიუნჰენის კონფერენციაზე ამ საკითხებზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ ევროპელებს და ამერიკელებს. სწორედ ამის გამო დღეს პარიზში ვერსალის სასახლეში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გაიმართება ევროპის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა.
ახლა როცა მიუნხენის კონფერენცია დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს ბევრი განზომილება აქვს, მოდით ჩვენი საუბარი კონფერენციის „შედეგების“ შეჯამებით დავიწყოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც მიუნხენის კონფერენციაზე მოხდა?
– მთავარი რაც გვანახა მიუნხენის კონფერენციამ, ეს არის განხეთქილება -სა და ევროპას შორის. როცა ვამბობთ ევროპას, დღეს ევროპა დიდ ბრიტანეთსაც გულისხმობს. აშშ და დიდი ბრიტანეთი ტრადიციულად, როგორც მოკავშირე ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკაში ერთიან პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ დღეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს არიან.
ახლა ჩანს, რომ ევროპულ პოლიტიკაში წამყვან როლს შეასრულებენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. 2023 წლის სექტემბერში პარიზში ვიზიტად მყოფმა დიდი ბრიტანეთის მეფემ კარლ მესამემ და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს „ახალი ანტანტა“ უწოდეს.
მთავარი რაც გვანახა მიუნხენის კონფერენციამ, ეს არის განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის. როცა ვამბობთ ევროპას, დღეს ევროპა დიდ ბრიტანეთსაც გულისხმობს. აშშ და დიდი ბრიტანეთი ტრადიციულად, როგორც მოკავშირე ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკაში ერთიან პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ დღეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს არიან
დღეს, როდესაც აშშ-მ გადაწყვიტა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს, და ამ პროცესში არ ჩართოს ევროპა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იქნებიან ევროპის პოლიტიკური ნების გამომხატველები.
მიუნხენის კონფერენციამ გვანახა, რომ ტრამპის პოლიტიკა აღმოჩნდა შოკი არა მარტო ევროპელებისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც. ასეა იმიტომ რომ როდესაც ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, ის ამბობდა – აშშ-ს ჩინეთი დაეხმარება უკრაინა-ს ომის შეწყვეტაში. მეტიც, ტრამპი რუსეთს ეუბნებოდა – თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს არ მოაწერთ, მოსკოვი ახალ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს.
იგულისხმებოდა ის, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის შედგებოდა მოლაპარაკებები.
მაგრამ, შემდეგ, გეგმა რადიკალურად შეიცვალა. ახლა ტრამპის სამშვიდობო გეგმაში არც ჩინეთია და არც ევროპა.
მიუნხენის კონფერენციამ გვანახა, რომ ტრამპის პოლიტიკა აღმოჩნდა შოკი არა მარტო ევროპელებისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც… ახლა ტრამპის სამშვიდობო გეგმაში არც ჩინეთია და არც ევროპა
– ვითარებაში, როცა ევროპა პუტინს უამრავ დანაშაულში სდებს ბრალს, ჰააგის სასამართლოს გამოცხადებული აქვს, იმ ქვეყნებს, რომლებიც ჰააგის სასამართლოს წევრები არიან, სადაც პუტინი შეიძლება ჩავიდეს, უნდა დააპატიმრონ, აშშ პირდაპირ მოლაპარაკებებს იწყებს მასთან.
აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი ურთიერთობები იწყება? რის მიღწევას ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებით?
– ევროპელების გარეშე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყება იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ს უთანხმოება აქვს როგორც ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე ჩინეთთან.
როგორც ჩანს, ასეთ სიტუაციაში ტრამპმა გადაწყვიტა საკუთარი თამაშის დაწყება. ტრამპს უნდა უკრაინა-რუსეთის ომი ისე შეწყვიტოს, როგორც მას მიაჩნია ეფექტურ დასრულებად.
ტრამპი პრაგმატიკოსია, მისი მიზანია უკრაინა-რუსეთის ომის უახლოეს ხანებში შეწყვეტა. მისი აზრით, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
ტრამპი პრაგმატიკოსია, მისი მიზანია უკრაინა-რუსეთის ომის უახლოეს ხანებში შეწყვეტა. მისი აზრით, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა
– ეგ გასაგებია, მაგრამ, რის ფასად – ევროპელების უსაფრთხობისა და უკრაინელების ტერიტორიული დათმობების ხარჯზე?
ამგვარი მშვიდობა რამდენად შეესაბამება აშშ-ს, ევროპის და უკრაინის ინტერესებს?
– ტრამპი ცდილობს დაარღვიოს ის ალიანსები, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომის მსვლელობისას ჩამოყალიბდა. ერთი მხრივ ეს არის რუსეთ-ჩინეთის ალიანსი. ეს არის მცდელობა რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიტანოს განხეთქილება. ასეთი მიზანი ჰქონდა ტრამპს მისი პირველი ვადით პრეზიდენტობისას.
კისინჯერი მას ურჩევდა შეექმნა კავშირი რუსეთთან ჩინეთის წინააღმდეგ. საუბარი იყო რუსეთთან იმგვარ კავშირზე, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ იქნებოდა. დაახლოებით ისეთი, როგორც ნიქსონმა და კისინჯერმა შექმნეს ჩინეთთან სსრკ-ს წინააღმდეგ. პრეზიდენტის პირველი ვადის დროს ტრამპს ეს არ გამოუვიდა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მისმა ამგვარმა გეგმებმა აშშ-ში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ტრამპი ცდილობს დაარღვიოს ის ალიანსები, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომის მსვლელობისას ჩამოყალიბდა. ერთი მხრივ ეს არის რუსეთ-ჩინეთის ალიანსი. ეს არის მცდელობა რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიტანოს განხეთქილება. ასეთი მიზანი ჰქონდა ტრამპს მისი პირველი ვადით პრეზიდენტობისას
ახლა ტრამპს აქვს საშუალება განახორციელოს ეს იდეები. ახლა „რესპუბლიკურ“ პარტიას აქვს უმრავლესობა კონგრესში, უმაღლეს სასამართლოში. 2 წლის განმავლობაში მას ექნება შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკა გაატაროს. 2026 წელს აშშ-ში შუალედური ჩატარდება.
– იმის გათვალისჩინებით, თუ როგორი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული რუსეთსა და ჩინეთს შორის, და არა მარტო ბოლო ომის 3 წლის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური, სამხედრო და ფინანსური ურთიერთობები.
ერთობლივი სამხედრო სწავლებები ზღვაზე, ასევე ის, რომ ორივე ქვეყანა მმართველობითი სისტემით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და პრინციპში ორივე ავტორიტარული სახელმწიფოებია, ნაკლებად რეალიზებად ამოცანად გამოიყურება რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილების შეტანა.
ვხედავთ, რომ აშშ ცდილობს ევროპა აიძულოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს. ეს კი რუსეთს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამოისუნთქოს, არამედ, დიდ პოლიტიკაში დაბრუნდეს. . .
– ტრამპი თავის მიზანს აღწევს იმ მხრივ რომ ახლა ევროპა იძულებული იქნება მეტი ფული დახარჯოს სამხედრო სფეროში. თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, მაკრონის იდეა ევროპული სამხედრო ძალების შექმნაზე სწრაფად არ განხორციელდება.
ამ იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავს, მაგრამ ფაქტია რომ ეს იდეა ახლა აქტუალური გახდა. ტრამპს აწყობს ევროპამ მეტი ფინანსები გამოყოს სამხედრო სფეროზე.
– ეს გასაგებია, მაგრამ მე გკითხეთ – რამდენად რეალიზებადია ტრამპის მცდელობა განხეთქილება შეიტანოს ჩინეთსა და რუსეთს შორის და ჩინეთს ჩამოაშოროს რუსეთი? ეს გეგმა უტოპიურ გეგმას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალიზებად იდეას…
– აშშ-ში ამ თემაზე კისინჯერსაც აკრიტიკებდნენ. ამ იდეას ახლაც ბევრი აკრიტიკებს. ტრამპს ბაიდენისგან განსხვავებით იდეოლოგიური პოზიციები არ აქვს. ის თვლის, რომ თუ საჭიროა ოპონენტს უნდა შეხვდეს.
ტრამპი თვლის რომ პუტინთან შეხვედრა იქნება ტაქტიკური სვლა, რომ გააღიზიანოს ჩინეთი და შემდეგ შედგეს შეხვედრა სი ძინ პინთან. ამ შეხვედრაზე ტრამპი პეკინს ეტყვის – ან დავდებ შეთანხმებას რუსეთთან, ან ჩინეთი წავა გარკვეულ საკითხებში დათმობაზე აშშ-თან.
ტრამპი თვლის რომ პუტინთან შეხვედრა იქნება ტაქტიკური სვლა, რომ გააღიზიანოს ჩინეთი და შემდეგ შედგეს შეხვედრა სი ძინ პინთან. ამ შეხვედრაზე ტრამპი პეკინს ეტყვის – ან დავდებ შეთანხმებას რუსეთთან, ან ჩინეთი წავა გარკვეულ საკითხებში დათმობაზე აშშ-თან აშშ-რუსეთის შეხვედრას უფრო საინფორმაციო ეფექტი ექნება. ჩემი აზრით, ეს არის ტრამპის მთავარი მიზანი. აშშ-რუსეთის შეხვედრის გამართვის იდეამ შოკი გამოიწვია, მაგრამ, სწორედ ეს იყო ტრამპის მიზანი
ვფიქრობ, ეს არ იქნება ტრამპის ბოლო სვლა ამ საჭადრაკო პარტიაში. ეს არის პირველი სვლა, რომელმაც გააღიზიანა ევროპა, აიძულა ევროპა მიიღოს გადაწყვეტილებები მეტი დახარჯოს სამხედრო სფეროში, მეორე მხრივ იგი ცდილობს ჩინეთი ჩავიდეს კომპრომისებზე.
– მანამდე ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ ამერიკელებისა და რუსების შეხვედრა უკრაინის გარეშე არ შედგებოდა.
ახლა ვენსისა და კელოგისაგან მოვისმინეთ განმარტებები, რომ მინსკი-2-ის შემთხვევაში ბევრი მონაწილე იღებდა მონაწილეობას და ამიტომ იყო შეუძლებელი გადაწყვეტილების მიღება. მათივე მტკიცებით მინსკი-2 არ შედგება.
იმ არასახარბიელო ეკონომიკურ და სამხედრო ვითარებაში, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება, ტრამპი და აშშ რუსეთისთვის „მაშველ რგოლის“ შესრულებას ხომ არ აპირებს?
ძნელი დასაჯერებელია, სანქციებისგან თავისუფალი რუსეთი საფრთხე არ აღმოჩნდეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც, ამას ვაშინგტონი ვერ ხედავს?
– აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული ერთი შეხვედრით რუსეთის ყველა პრობლემა არ გადაწყდება.
ჩვენ თუ გავიხსენებთ რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრებს, გავიხსენებთ იმასაც რომ ამ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები თანდათან მზადდებოდა. ერთი შეხვედრა რუსეთისთვის არ იქნება გადამწყვეტი, რადგან ერთი შეხვედრით რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება.
აშშ-რუსეთის შეხვედრას უფრო საინფორმაციო ეფექტი ექნება. ჩემი აზრით, ეს არის ტრამპის მთავარი მიზანი. აშშ-რუსეთის შეხვედრის გამართვის იდეამ შოკი გამოიწვია, მაგრამ, სწორედ ეს იყო ტრამპის მიზანი.
აშშ-რუსეთის შეხვედრის წინ რუსეთმა განცხადება, რომ მზად არის ჩინეთს გადასცეს უკრაინული რესურსები, არის რუსეთის მხრიდან ერთგვარი ზეწოლა აშშ-ზე
ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აინტერესებს უკრაინის ნედლეული, იშვიათი ლითონები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიებისათვის. ამ საკითხზე უკრაინასა და აშშ-ს შორის შეთანხმება არ შემდგარა.
– გუშინ თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ლითონებისა და სხვა ნედლეულის საბადოები გადასცეს ჩინეთს. . .
ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი შეიძლება გადაიქცეს ომად უკრაინული რესურსებისთვის. . .
– აშშ-რუსეთის შეხვედრის წინ რუსეთმა განცხადება, რომ მზად არის ჩინეთს გადასცეს უკრაინული რესურსები, არის რუსეთის მხრიდან ერთგვარი ზეწოლა აშშ-ზე. ასეა, რადგან ტრამპისთვის უკრაინული რესურსები მართლაც აქტუალური საკითხია. ტრამპი ფსონს დებს ახალ ტექნოლოგიებზე.
თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების შესრულება უკრაინაზეცაა დამოკიდებული
ვიცით, რომ ამ სფეროში ჩინეთსაც აქვს დიდი მიღწევები. ტრამპს უნდა ქარხნები დააბრუნოს შტატებში, ამისთვის კი საჭიროა მათ შორის იშვიათი ლითონები. აშშ მზადაა ამ თემაზე ივაჭროს.
– „ვაჭრობა მიდის“ აშშ-რუსეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება უკრაინული ნედლეულის ხარჯზე. . .
– დდღევანდელი მოცემულობით ასეა, მაგრამ, ვიმეორებ აშშ-სა რუსებს შორის გამართული ერთი შეხვედრით უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულდება, რადგან უკრაინა-რუსეთის ომი გლობალური კონფლიქტია.
თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების შესრულება უკრაინაზეცაა დამოკიდებული.
უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი დასრულდება მას შემდეგ, როცა გაიმართება დიდი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი და უკრაინის წარმომადგენლები
– თუ აშშ-მ თქვა უარი უკრაინის დახმარებაზე, ევროპისგან სერიოზულ დახმარებას ვერ მიიღებს, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობები ბევრად შემცირდება . . .
– ახლა საუბარია იმაზე, რომ ევროპა დაეხმარება უკრაინას, აშშ-ზე ზეწოლა ექნება ევროპისგან. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი დასრულდება მას შემდეგ, როცა გაიმართება დიდი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი და უკრაინის წარმომადგენლები.
დღეისთვის რაც ჩანს ისაა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ვაშინგტონს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ ტრამპის მხრიდან სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს
აშშ-რუსული შეხვედრები ვაშინგტონის მხრიდან არის მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯები.
– ფაქტი ისაა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში დაიწყება. აშშ რუსებთან მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე იწყებს ევროპის პოზიციისა და უკრაინელების გარეშე.
თუ ამ ფორმატით გაგრძელდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები თუ კონსულტაციები, ეს სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?
– ადრე ჩვენ როდესაც დასავლეთზე ვსაუბრობდით, ვგულისხმობდით იმას, რომ აშშ-ს და ევროპას ერთიანი პოზიციები ჰქონდათ. ახლა როცა აშშ-სა და ევროპას შორის პოზიციებში სერიოზული განსხვავებები და განხეთქილებაა, ახლა საქართველოს მოუწევს აშშ-სა ევროკავშირს შორის მანევრირება.
ასე თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აინტერესებდა. ადრე ითვლებოდა რომ ამ საქმეში საქართველოს აშშ უჭერდა მხარს. ახლა სიტუაცია შეცვლილია. ჩვენს დიპლომატიას მოუწევს ამ ორ ძალას შორის აქტიური თანამშრომლობა და უფრო რბილი პოზიციების გამოხატვა.
– თუ უკრაინას მშვიდობა რუსეთისთვის ტერიტორიების სანაცვლოდ დაუჯდება, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე საქართველოს რუსული სცენარით მშვიდობა 30 წელზე მეტი ხანია აქვს.
თუ უკრაინის საკითხში პროცესები ისე განვითარდა, როგორც ტრამპს აქვს დაგეგმილი, ამ თვალსაზრისით, ჩვენი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივასთან დაკავშირებით რა ჩანს?
– დღეისთვის რაც ჩანს ისაა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ვაშინგტონს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ ტრამპის მხრიდან სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს. ტრამპისთვის ახლო აღმოსავლეთი არის პრიორიტეტული, რადგან აშშ ისრაელს უჭერს მხარს. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას და საქართველოს.
ტრამპი და მასკი ევროპაში ულტრამემარჯვენეების დაფინანსებით ცდილობენ ევროპელი ბიუროკრატიის დასუსტებას. ეს არის პროვოკაციისა და საინფორმაციო ომის მეთოდები
მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს. ჩვენს ინტერესში მოვძებნოთ კავშირები ვაშინგტონთან და ჩვენი რეგიონით დავაინტერესოთ ტრამპის ადმინისტრაცია.
– მიუნხენში თავისი გამოსვლებით ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა და უკრაინის საკითხში პრეზიდენტის წარმომადგენელმა კელოგმა ბევრი კი გააკვირვეს, განსაკუთრებით ვენსმა, რომელიც შეეცადა ევროპელებისთვის დემოკრატიის გაკვეთილები ჩაეტარებინა.
ევროპელი ლიდერების რეაქციამაც არ დააყოვნა. მაგრამ ყველაზე უცნაური და გაუგებარი ისაა, ტრამპის თანამებრძოლი ილონ მაქსკი რატომ აფინანსებს გერმანულ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლებსაც გერმანული პრესა მხოლოდ ულტრამემარჯვენეებად კი არა ნაცისტებად კი მოიხსენიებს.
სავარაუდოდ, რატომ აფინანსებს გერმანელ ულტრამემარჯვენეებს ილონ მასკი?
– მასკს ძალიან დიდი გავლენა აქვს ტრამპზე. მასკი, საკმაოდ რადიკალური შეხედულებების ადამიანია და თვლის, რომ ძველი სტრუქტურები არ არის ეფექტური, მასკმა აშშ-ში ბიუროკრატიას ომი გამოუცხადა და ჩვენ ვხედავ ამ ომის პირველ შედეგებს usaid – ის მაგალითზე, ამ ორგანიზაციის ფაქტობრივ გაუქმებას ვგულისხმობ. მასკს და ტრამპს ასევე ომი აქვთ გამოუცხადა ევროპულ ბიუროკრატიისთვის.
მემარჯვენეების თვალსაზრისით ახლა ევროპას მართავენ სოციალისტები და ევრო ბიუროკრატია და ხელს უშლიან ბიზნესს. ტრამპი და მასკი ევროპაში ულტრამემარჯვენეების დაფინანსებით ცდილობენ ევროპელი ბიუროკრატიის დასუსტებას. ეს არის პროვოკაციისა და საინფორმაციო ომის მეთოდები.
ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის მიუნხენის კონფერენციის „შედეგები“ რუსეთისთვის ტაქტიკური გამარჯვებაა
ევროპაში მემარჯვენეების მმართველობა ტრამპისთვის უფრო კარგი მოკავშირე იქნება, ვიდრე ევროპელი სოციალისტები და სოციალ-დემოკრატები.
– მიუნხენის კონფერენციის „შედეგებით“ კმაყოფილებას ვერ მალავენ კრემლის პროპაგანდისტები. მათ სახეზე კმაყოფილება კი ეტყობათ, მაგრამ ძალიან შორსაც ჯერ ვერ მიდიან.
პუტინი ყოველთვის ცდილობდა, რომ მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდა ამერიკასთან. უფრო სწორად მისი მთავარი ვიზავი აშშ და მისი პრეზიდენტი ყოფილიყო. როგორც ჩანს, ამგვარი რამ მალე მოხდება.
მიუნხენის კონფერენციის „შედეგებს“ როგორ აღიქვამს რუსული პოლიტელიტა, პროპაგანდა და საზოგადოება?
– მიუნხენის კონფერენციის „შედეგები“ რუსეთში განიხილება კრემლის გამარჯვებად და იმის შანსად, რომ უკრაინა-რუსეთის ომი მალე დასრულდება. რუსული საზოგადოება და მსხვილი ბიზნესი ამ ომისაგან ძალიან დაღლილია. მათ იმედი აქვთ, რომ აშშ-რუსულ შეხვედრას შედეგი ექნება. მაგრამ, რეალურად, არა მგონია, რომ შედეგი მალე დადგეს.
ახლა ტრამპი ცდილობს გაიმეოროს იგივე, რაც ღაზაში გამოუვიდა. საუბარია ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს დიპლომატიური მუშაობა დიდ სამშვიდობო კონფერენციაზე. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის მიუნხენის კონფერენციის „შედეგები“ რუსეთისთვის ტაქტიკური გამარჯვებაა.
ცხადია, რომ ეს ჯერ პროპაგანდისტული გამარჯვებაა, მაგრამ დღევანდელ სამყაროში საინფორმაციო ომს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურად. საინფორმაციო სამყაროს თვისება ის არის, რომ მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება, რაც დღეს აღიქმება გამარჯვებად, შესაძლოა, მოკლე ხანში ბევრი რამ შეიცვალოს.
პროცესის დინამიკას უნდა მივადევნოთ თვალი და არა ცალკეულ მოვლენებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი