„ავთანდილის მეღვინეობას“ კლიმატური პირობების გამო წარმოება შეუმცირდა (bm.ge)

კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე მარნის „ავთანდილის მეღვინეობის“ დამფუძნებლის, ავთანდილ ირომაშვილის განცხადებით, 2025 წლის რთველი კახეთისთვის განსაკუთრებით გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა.
მეღვინე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ კლიმატურმა პირობებმა მოსავლიანობა და ყურძნის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც წარმოება დაახლოებით 50%-ით შემცირდა.
„წლევანდელი სეზონი ხარისხის მხრივ არასაკმარისად კარგი იყო. ეს პრობლემა მთელ კახეთს შეეხო. შაქრიანობა ვერ დაგროვდა, რაც ღვინის ხარისხზე პირდაპირ აისახა. ამინდების გამო რთველიც დაგვიანდა, რაც დამატებით სირთულეებს ქმნიდა. ჩვენი მაგალითით, ზოგიერთ ჯიშზე საერთოდ ვერ შევძელით მუშაობა. ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის ყურძენი არ გვქონდა, ამიტომ თავი შევიკავეთ წარმოების გაზრდისგან“, – ამბობს მეღვინე.
ირომაშვილის თქმით, წელს მან 8 ტონამდე ყურძენი გადაამუშავა, რაც დაახლოებით 7 000 – 10 000 ბოთლ ღვინოს უდრის. თუმცა, დაზიანებული ნაყოფის გამო ყურძნის წვენი ნაკლები იყო და საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ ზუსტდება.
„ჩვენ ადგილწარმოშობის ღვინოებს ვაწარმოებთ – ჯერჯერობით ჭაჭაზე გვაქვს ქვევრები და პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, მინიმუმ 7 000 ბოთლს ჩამოვასხამთ”, – განმარტავს მეღვინე.
ირომაშვილის განმარტებით, არსებული გამოწვევები პროდუქციის ფასზეც გარკვეულწილად აისახება, თუმცა მეღვინეობა მომხმარებლის შენარჩუნების მიზნით ფასების ზრდას ერიდება : „ჩვენი ღვინის საშუალო ფასი ადგილობრივ ბაზარზე 6–7 დოლარია. არ გვინდა, რომ ფასის მატებამ მომხმარებელი დააბრკოლოს“, – აცხადებს ირომაშვილი.
ცნობისათვის, “ავთანდილის მეღვინეობა” ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, “ახოები”, “საფერავი წარაფი” და “კარდანახი”, რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული. კომპანიის პროდუქცია ადგილობრივად – სხვადასხვა ღვინის მაღაზიებში და ბარებში იყიდება.
bm.ge