რითეილ სექტორში წარმატებული 2024 წელი არც თუ ისე პოზიტიურად დასრულდა. გასული წლის მიწურულს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაჭრობის ტემპი ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე შენელებული იყო, თუმცა ფასდაკლებების ხარჯზე სექტორმა გაყიდვების გააქტიურება დეკემბრის ბოლოს მაინც შეძლო, თუმცა ყველა სახის პროდუქციაზე ვერ.
ICR-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ გაყიდვები დაგეგმილზე დაბალ ნიშნულზე იყო ავეჯზე, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის გაყიდვებში. კახა ხაზარაძე გვიხსნის, რომ არსებულ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან მისი თქმით, თუ პროცესების დეესკალაცია არ მოხდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესს ძალიან გაუჭირდება.
“უფრო მეტად დაეტყო ავეჯის მიმართულებას, იმიტომ რომ ავეჯის გაყიდვები ავტომატურად უძრავი ქონების გაყიდვებზეა მიბმული და სადღაც 30%-იანი ვარდნა გვქონდა გეგმასთან მიმართებაში. ვარდნა გვქონდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გაყიდვებშიც, თუმცა ახალი წლების ტენდენციიდან გამომდინარე დეკემბერს თუ ავიღეთ 10-15%-იანი ცვალებადობა გვქონდა იმასთან მიმართებით რაც დავგეგმეთ.
იანვარში ველოდებით უფრო რთულ სიტუაციას, თუ ასეთ გაურკვევლობაში დარჩა ქვეყანა ალბათ კრიზისი თებერვალში მარტში უფრო ღრმად წავა. თუ არ მოხდა დეესკალაცია სიტუაციის, ლეგიტიმაციის დაბრუნება არსებულ სიტუაციაში წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ნდობის აღდგენა მთავრობას გაუჭირდება თუ ახალ არჩევნებზე არ ისაუბრა,”- ამბობს ICR-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე.