„ავერსი“ სადაზღვევო ბაზრიდან გადის – „ალფას“ „ბენეფიტი“ ყიდულობს?!

„კომერსანტის” ინფორმაციით, „ავერსი“ სადაზღვევო ბაზარს ტოვებს. როგორც მედიაჰოლდინგს წყარომ აცნობა, „ავერსის“ შვილობილ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ Global Benefits Georgia შეიძენს.სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგ „ავერსის“ შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს, 2009 წლის 2 ივნისს დაარსდა, კომპანია 100%-ით ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული და ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს, როგორც ინდივიდუალურ პირებზე, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებზე.ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ამჟამად 19 კომპანია ოპერირებს, რომელთა მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 2025 წლის 9 თვის განმავლობაში შეადგინა 1 098 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 113 მლნ ლარი.მიუხედავად „ავერსის“ მასშტაბებისა ფარმაცევტულ თუ სამედიცინო ბაზარზე, მის მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანია „ალფა“ სექტორის ლიდერებს შორის არასდროს ყოფილა.„ალფას“ მოგება 2025 წლის 9 თვეში მხოლოდ 358 928 ლარი იყო, რითაც მან ბაზარზე მე-17 ადგილი დაიკავა.„კომერსანტის“ ინფორმაციით, სწორედ მოგების დაბალი მაჩვენებელია მიზეზი, რის გამოც „ავერსი“ სადაზღვევო ბაზარს ტოვებს. მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება Global Benefits Georgia-სთან შედგა.„კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ნინა კობახიძეს ესაუბრა, რომელმაც კომერციული საიდუმლოების მოტივით კითხვებზე არ გვიპასუხა.მასალა განახლებადია და „კომერსანტის“ სარედაქციო ჯგუფი მას ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე შეავსებს.