ავარიულ შენობებში რემონტის ჩატარება უნდა კონტროლდებოდეს – ბესო ორთოიძე

„შეიძლება, დღეს მეორე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდეს შენობას, მაგრამ ერთ დღეში ისეთი სახის ჩარევა მოხდეს შიგნიდან, რომ ძალიან სახიფათო გახდეს ცხოვრება,“ – ამის შესახებ კომპანია „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ რადიოგადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ავარიულ შენობებში რემონტის ჩატარება უნდა კონტროლდებოდეს.
„ავარიულ შენობებში რემონტის ჩატარების პროცესი უნდა კონტროლდებოდეს, რადგან ეს ცალკე პრობლემაა. მესაკუთრეების მხრიდან გარკვეული ჩარევა, მითუმეტეს ამორტიზირებულ შენობაში, შესაძლოა დასრულდეს ისეთი ტრაგედიით, რომელიც ბათუმში მოხდა წლების წინ. სამწუხარო ის არის, რომ ახალ აშენებულ კორპუსებშიც გვაქვს ეს პრობლემა. მონიტორინგს ვახორციელებთ და იმდენად ხშირია ხელოსნების ან მესაკუთრეების მხრიდან არასწორი ქმედება, რაც აზიანებს კონსტრუქციას. კანონმდებლობა არც მაგ ნაწილში გვაქვს,“ – განაცხადა ორთოიძემ.
მანვე მაგალითად ევროპის ქვეყნები მოიყვანა, სადაც მსგავსი პროცედურები სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება.
„ევროპულ ქვეყნებში რემონტს ვერ ჩაატარებ თუ ზედამხედველი არ აიყვანე. გასაგებია, რომ ეს ძალიან დიდ ბიუროკრატიასთან არის კავშირში, მაგრამ შესაძლებელია, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ ავარიულ შენობებში დაინერგოს ეს ვალდებულება. შეიძლება, დღეს მეორე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდეს შენობას, მაგრამ ერთ დღეში ისეთი სახის ჩარევა მოხდეს შიგნიდან, რომ ძალიან სახიფათო გახდეს იქ ცხოვრება,“ – განაცხადა ბესო ორთოიძემ.