ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის პირველ მონაწილეებს ახალი ბინები გადაეცათ – თბილისის მერია

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტალის მე-12 კორპუსის მობინადრეებს დღეს ახალი სახლის გასაღები გადაეცათ.მათ სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა მ, რომელმაც პროგრამის მიზანზე და წინაპირობებზე ისაუბრა.
„2017 წელს, როდესაც მენდო თბილისის მოსახლეობა და ამირჩია მერად, ქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა და ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო ავარიული სახლები. დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ჩვენ გვქონდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა გამოიკვეთა, რომ გარკვეული წლების შემდეგ ისევ პრობლემა ჩნდებოდა და აღნიშნული სახლები ისევ ავარიული ხდებოდა. ამიტომ, საზოგადოებას წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ავარიული სახლები არა გავამაგროთ, არამედ ჩავანაცვლოთ, ავაშენოთ თანამედროვე საცხოვრებელი სახლები. ეს არის პირველი პროექტი სამგორის რაიონში, რომელიც განვახორციელეთ. აქ იდგა 4-სართულიანი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელიც საცხოვრებლად იყო უვარგისი, წარმოადგენდა უდიდეს პრობლემას აქ მცხოვრები 36 ოჯახისთვის და მათი ჩართულობით მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოგვეხდინა აღნიშნული შენობის დემონტაჟი. დღეს ხედავთ, რომ მის ნაცვლად აშენებულია 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს, იმიტომ, რომ გვენდეთ და ჩვენც, რა თქმა უნდა, გავამართლეთ თქვენი ნდობა. მეც ვუერთდები თქვენს სიხარულს, პირველი პროექტი დასრულებულია და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ლოკომოტივი ამ პროგრამის და მას შემდეგ ბევრი კორპუსი ჩაერთო. ეს პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა, ზოგი მშენებლობის აღების ეტაპზეა, ზოგიც სამუშაოების ეტაპზე, რომელიც მალე უნდა დამთავრდეს და ეს პროცესი მოგცემს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ავარიული სახლები.
ამ 36 ოჯახიდან დღეს 25 ოჯახს გადავცემთ მოწესრიგებულ, გარემონტებულ ბინებს და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დანარჩენებიც მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს, მოწესრიგებულს და რემონტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მადლობა გადაუხადა სამშენებლო კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს“ თანამშრომლობისთვის.
პროგრამის ფარგლებში, აღნიშულ მისამართზე ავარიული 4-სართულიანი შენობის ნაცვლად 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა. გარდა ამისა, კომპლექსურად მოწესრიგდა როგორც ამხანაგობის საკუთრებაში არსებული კორპუსის ეზო, ასევე მიმდებარე ტერიტორია. გარდა ამისა, განახლდა მოძველებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, პრობლემებს უქმნიდა მოქალაქეებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს