„ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია“ – საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სადგურის მოედნის მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როდესაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და დიდუბის გამგეობა ინფორმირებული იყო აღნიშნული შენობის ავარიულობის შესახებ, მეტიც – დადგენილი ჰქონდა ავარიულობის ხარისხი, კახა კალაძე დღეს ებღაუჭება ერთადერთ არგუმენტს, რომ შენობის ჩანაცვლებაზე მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა არ იყო, თუმცა როგორც თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებით ირკვევა, ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია“ – ამის შესახებ ნათქვამია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებაში.
„გარდა ამისა, როგორც კახა კალაძის განცხადებიდან ირკვევა, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ შენობის იმ ხარისხის ავარიულობაზე, რომ ის საჭიროებდა დემონტაჟს. ამ ფონზე, თბილისის მერიამ, მაგალითად, 2024 წლის 27 მაისსა და 2025 წლის 16 აპრილს გასცა სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე tas.ge საჯაროდ იძებნება (AR11033208 და AR11084015). ამავე შენობის წინ თბილისის მერიის მიერვე მოწყობილია ზონალურ – საათობრივი პარკირება.
ჩნდება კითხვა, რას ელოდა თბილისის მერია? ზემოაღნიშნული ნებართვებით რატომ მისცა ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა და რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარე ვაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე და სახლის ჩანაცვლებაზე თუნდაც უარის თქმის მიუხედავად, რატომ არ უზრუნველყო როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე შენობის მიმდებარედ გამვლელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა?
ამ შემთხვევითაც დასტურდება, რამდენად გულგრილი და უპასუხისმგებლოა სისტემა ადამიანის, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ; როგორ ვერ შეძლო თვითმმართველობამ შეექმნა ისეთი საბინაო პოლიტიკა, რომლის იმედად, ავარიული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლები თამამად მიიღებდნენ ჩანაცვლების პროექტში ჩართვის გადაწყვეტილებას და არ შეაშინებდათ ყოველთვიური კომპენსაციის სიმცირე, რომლითაც ოჯახისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფართის დაქირავება დღესდღეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია?
აღნიშნულ კითხვებს შესაძლოა ათასგვარი პასუხი გაეცეს და მათ შორის იყოს კვლავ მცხოვრებთა დადანაშაულება, თუმცა მომხდარის ფონზე საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არ არსებობს ადამიანის უსაფრთხოების იმგვარი მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაიცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, როგორც ავარიული შენობის მესაკუთრის, ისე რიგითი გამვლელის, როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვისას.
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ფუჭად ემსხვერპლა იმას, რისთვისაც საკმარისი უნდა ყოფილიყო არჩეული პირის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება“ – ნათქვამია განცხადებაში.
