პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და მოტყუებით თანხის დაუფლების ბრალდება კიდევ ორ პირს წარუდგინა.
ამ საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიების ვერსიით, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, თბილისში და რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს.
„აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 6 420 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„საზოგადოებას უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს საერთო ჯამში უფიქსირდებათ, სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 63 ფაქტი, რომელთაგანაც 60 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლებული იქნენ. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოხდა დამატებით ახალი მტკიცებულებების მოპოვება. გამოძიების მოცემულ ეტაპზე გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომელთაგან დაკავებულია 4 (ოთხი) პირი“, — აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა.




