აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა აგვისტოსთვის დასრულდება – FedEX-ის წარმომადგენელი კომპანია

თბილისის აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელი კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მასშტაბური ლოგისტიკური ცენტრის პროექტს საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტი კომპანია „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ -ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) მოზიდული $4 მილიონიანი გრძელვადიანი დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 6 მლნ დოლარია. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე შენდება და ამოქმედების შემდეგ ადგილზე 150-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.