მსოფლიო ავიაკომპანიები, აეროპორტები, ბანკები, სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიები და სავაჭრო ქსელები შეფერხებით მუშაობენ. მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების გლობალური გათიშვაა.
კიბერუსაფრთხოების კომპანია Crowdstrike-ის subreddit-ის მომხმარებლები წერენ პრობლემების შესახებ ინდოეთში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახალ ზელანდიაში.
ბრიტანული სატელევიზიო კომპანია Sky News-მა პარასკევს, დილით გამოაცხადა, რომ გლობალური IT შეფერხების გამო მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია.
აშშ-ს ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Delta, United და American ავიახაზებს მოუწიათ, ფრენები შეეჩერებინათ.
ბერლინის ბრანდერბურგის აეროპორტმა განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ფრენების გადადება მოუწიათ. ესპანეთის უმსხვილესმა აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ Aena-ს ცნობით კი, აეროპორტებში ოპერაციები მექანიკურად ხორციელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გლობალური შეფერხება, მათ შორის Microsoft Windows ოპერატიული სისტემის, ამერიკულმა კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების კომპანია Crowdstrike-ის მიერ უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ გამოიწვია. Crowdstrike-ის თქმით, მათ უკვე მიიღეს ცნობები Windows-ის მომხმარებელი კომპანიებისგან ხარვეზის შესახებ.
უფრო ადრე Microsoft-მა განაცხადა, პლატფორმა Azure-ის მომხმარებლებს აშშ-ს ცენტრალურ რეგიონში შესაძლოა Azure-ის სერვისების გამოყენებისას პრობლემები შეჰქმნოდათ. ბოლო ცნობით კი, კომპანიამ დაადგინა შეფერხების გამომწვევი მიზეზი და ეს “არა რაიმე სახის კიბერშეტევა, არამედ ტექნიკური პრობლემაა” და “სერვისების უმრავლესობა აღდგენილია”. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლების ნაწილს Microsoft 365-ის ზოგიერთ აპლიკაციასთან და პროგრამასთან წვდომა ჯერ კიდევ არ აქვს.
