აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაუტარეს.
სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს? სწავლების მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო.
თეორიული სწავლების დროს, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს, ინფორმაცია მიეწოდათ საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ.
რის შემდეგაც გაიმართა სიმულაციური პრაქტიკული სწავლება, სადაც ჩართული იყო სახანძრო ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო ეკიპაჟი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის, ნუგზარ ციხელაშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის სიმულაციის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა სიმულაციური სწავლება საგანგებო სიტუაციების დროს სწორად მოქცევის, ევაკუაციის სწორად განხორციელების მიზნით. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა, ამავდროულად სწავლებაში გამოიყენეს სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის, ასევე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები,-‘’განაცხადა ნუგზარ ციხელაშვილმა.
პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სარგებლობს.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს
