აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, დაჯავშნის სისტემის ტექნიკური ხარვეზი Wizz Air-ის 31 ათას ფრენას შეეხო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Wizz Air-ის ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე Wizz Air-ის ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს, რომ ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ავიაკომპანიის 31 ათას ფრენას შეეხო.
“რამდენიმე საათის წინ ავიაკომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე მიმართულებით ფრენები საერთოდ გაუქმდა. მგზავრებს კი მიუვიდათ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე ავიაკომპანიისგან გაუქმებული ფრენის შესახებ. ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ძირითადად საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხოთ. როგორც ავიაკომპანიაში გვეუბნებიან, საუბარია 31 ათასი ფრენის გაუქმებაზე”, – წერს ის.
ქარქაშაძის ცნობით, ავიაკომპანია ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს:
“ვებგვერდი ტექნიკურად კვლავ გაიმართება, თუმცა Wizz Air-ს მგზავრებისთვის შესაბამისი შეტყობინების გასაგზავნად გარკვეული პერიოდი დასჭირდება”, – აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
მანამდე, ავიაკომპანია Wizz Air-მა გამქრალ ფრენებთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. მათი ტქმით, ტექნიკურ პრობლემას გავლენა ჰქონდა დაჯავშნის სისტემაზე.
“თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან შენიშნოთ ცვლილებები აპლიკაციაში. გთხოვთ, უგულებელყავით. ჩვენ შეგატყობინებთ როგორცკი პრობლემა მოგვარდება“, – განმარტავს ავიაკომპანია.
მგზავრებს, რომელმაც ბილეთები შეიძინეს ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში შვიდი ქალაქის მიმართულებით, ფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში არ უჩანდათ.
ავიაკომპანიის ვებსაიტზე ფრენები აღარ იძებნებოდა ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფრუტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი (მხოლოდ ოქტომბერი).