კაჭრეთში ამბასადორის საავიაციო სოფლის მშენებლობა მიმდინარეობს.მასშტაბური პროექტი 16 ჰექტარზე იქნება გაშენებული და მოიცავს აეროდრომს, ავიავილების კომპლექსსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას. პროექტი უზრუნველყოფს ძირითადი და სათადარიგო ასაფრენ ბილიკებს, EASA-აკრედიტირებულ საავიაციო სკოლას, ტექნიკურ ცენტრს საჰაერო ხომალდებისთვის, ავია კლუბსა და ავია ტაქსის სერვისს.ამბასადორის საავიაციო სოფლის დამფუძნებლის, ბიზნესმენ თორნიკე ქებურიას ინფორმაციით, ძირითადი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრი იქნება, სიგანე კი -18მ. ქებურიას თქმით, პროექტის მთავარი მიზანი მცირე ავიაციისა და ავია ტურიზმის განვითარებაა, რომლის ფარგლებშიც კაჭრეთის ტერიტორიაზე ავია ტაქსის (Air Taxi) სერვისიც დაინერგება.,,ამბასადორის საავიაციო სოფელი 2 ნაწილად დაყოფილი: პროექტის ერთი ნაწილი დაეთმობა აეროდრომს, ანგარს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ხოლო მეორე ნაწილზე იგეგმება ავია ვილების მშენებლობა. ტერიტორიაზე მოეწყობა ძირითადი და სათადარიგო ასაფრენი ბილიკები. აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდება ასევე სკოლა, რომელიც EASA – ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (European Union Aviation Safety Agency)-ის მიერ იქნება აკრედიტირებული, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საჰაერო ხომალდების მართვა და კურსების წარმატებით გავლის შემთხვეაში აიღონ, როგორც ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდის მართვის, ასევე კერძო საპილოტე ლიცენზია – Private Pilot Licence (PPL). აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მართოს ულტრამსუბუქი ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც გათვლილია 2-6 ადამიანზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება საავიაციო კლუბის დაფუძნებაც, რომელიც რეგულარულად უმასპინძლებს ავია გამოფენებს, შოუებს და ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა პროფილურ ღონისძიებებს. ჩვენმა კომპანიამ უკვე მოიპოვა დარგში ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლისა და დილერის სტატუსი, როგორიცაა Bristell, Brm Citius და Diamond.აღსანიშნავია, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური ცენტრი, რომელიც საჰაერო ხომალდებს ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს და შესთავაზებს სპეციალურ სადგომს.გარდა ამისა, ამბასადორის ავია სოფელი მოიცავს სპეციალურ საცხოვრებელ ზონას, რომელიც 37 დამოუკიდებელ ნაკვეთად არის დაყოფილი, მათი ფართობი კი 1500-დან 1850 მ2-მდე მერყეობს. პროექტის მიხედვით, თითოეულ ნაკვეთზე განთავსდება ორ სართულიანი ვილა, სადაც პირველ სართულზე ხომალდის სადგომი მოეწყობა, მეორეზე კი საცხოვრებელი ფართი და ვერანდა. პირველი სართულის ფართი 300 მ2-ია, მეორე სართული კი დაიგეგმება მყიდველის სურვილისა და გემოვნების მიხედვით. პროექტი მსურველებს სთავაზობს შესაძლებლობას შეიძინოს 1500-დან 1850 მ2-მდე მიწის ნაკვეთი, რომელშიც შევა ადგილზე მიყვანილი კომუნიკაციები და დამტკიცებული სამშენებლო პროექტი. თავის მხრივ კლიენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება უზრუნველყოს შეძენიდან 18 თვის ვადაში”,- აღნიშნა ქებურიამ. საავიაციო სოფელი ღია იქნება ფრენის ყველა ენთუზიასტისთვის, მსურველებს კი შესაძლებლობა ექნებათ სასეირნო ფრენებით ისარგებლონ, ავიასკოლაში პირადი საპილოტე ლიცენზია (PPL) მიიღონ და მაღალი დონის ავიაღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. დამფუძნებლის ინფორმაციით, მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს- გახსნის ცერემონია დაგეგმილია 2026 წლის 1 სექტემბერს ავიაშოუს Red Bull aviation-ის მონაწილეობით, საერთაშორისო კლუბების წარმომადგენელთა დასწრებით.,,ყველა შესაბამისი უფლება საავიაციო სოფლის მშენებლობასა და ლიცენზიების გაცემაზე უკვე მოპოვებულია.მიწის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ამის შემდგომ აუცილებელია ბალასტის შემოტანა და ასფალტის დაგება.მოსამზადებელი სამუშაოები ასევე დაწყებულია ანგარის მშენებლობისთვის, სადაც ერთდროულად 20-მდე საჰაერო ხომალდი განთავსდება.აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწების დაყოფას, ცალკე რეგისტრირებას და ვილების პროექტების დამტკიცებას. 2026 წლის ბოლომდე კი რამდენიმე ვილის კარკასის აგებაც დასრულდება.ამასთან, კომპანიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 3 თვითმფრინავის შეძენაზე, რომელიც მოემსახურება საავიაციო სკოლას და ავიატურების მოწყობას. აეროდრომის გახსნის ცერემონია 2026 წლის 1 სექტემბერს ჩატარდება. მოეწყობა ავია შოუ Red Bull aviation-ის მონაწილეობით. გახსნის ღონისძიებას 40 ევროპული კლუბის წარმომადგენელი დაესწრება, რომელთაც უკვე დაადასტურეს ვიზიტი”,- აღნიშნა თორნიკე ქებურიამ ,,კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.