“ადრე თუ ბაზრებს ვინაწილებდით, ახლა ყველას ერთი სეგმენტი და ერთი ბაზარი გვყავს”,- ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ რესტორან “სოფიკოს” დამფუძნებელმა, ირაკლი კახიძემ სარესტორნო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და კონკურენტულ ბაზარზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ბაზარზე მრავალი ახალი ობიექტი გამოჩნდა, რაც როგორც გარე ფაქტორებით, ასევე შიდა გადანაწილებითაა განპირობებული.
“ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა იმ ადგილას, სადაც სხვა დაიკეტა. რამდენიმე წარმატებული დიდი რესტორანი საერთოდ აღარ გაიხსნა – ვერ შეძლეს ოპერირების გაგრძელება ან ჩათვალეს, რომ ეს პერიოდი არ იყო შესაფერისი”, – აღნიშნა კახიძემ.
მისივე თქმით, ბაზარზე ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლამ ერთგვარი გადანაწილების წესი შეცვალა, რის შედეგადაც ახლა თითქმის ყველა სარესტორნო ობიექტი ერთ სეგმენტზე, ადგილობრივ მომხმარებლებზე მუშაობს.
“ადრე თუ ბაზრებს ვინაწილებდით, ახლა ყველას ერთი სეგმენტი და ერთი ბაზარი გვყავს. ყველა ცდილობს ადგილობრივ ბაზარზე მორგებას, რაც კონკურენციას ზრდის”, – განაცხადა ირაკლი კახიძემ.
მისი ცნობით, ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, უცხოელი მოსახლეობის შემოდინება და მათ მიერ გახსნილი ახალი ბიზნესებია, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ქვეყნიდან გავიდნენ, შედეგად კი გამოჩნდა გათავისუფლებული ფართები და სივრცეები ახალი ობიექტებისთვის.
“ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვიდა ჩვენთან – უკრაინელები, ბელორუსები, რუსები. მათ დაიწყეს აქ საქმიანობა, შემდეგ კი ქვეყნიდან წავიდნენ, რამაც ახალი ობიექტებისთვის ფართები გაათავისუფლა”, – ამბობს კახიძე.
განსაკუთრებული სირთულეები, მისი შეფასებით, მაღალი კლასის რესტორნებს ექმნებათ : “პრობლემა, ალბათ, უფრო მაღალი კლასის რესტორნებს აქვთ, სადაც როგორც ინგრედიენტები, ისე კერძები და მომსახურებაც უფრო ძვირია. ეს ფასები ადგილობრივ მომხმარებელს მათი შემოსავლის გათვალისწინებით ზოგჯერ აბრკოლებს და ისინი ირჩევენ უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივებს”, – განმარტა მან.
რაც შეეხება ზოგად სურათს, კახიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, სიტუაცია სრულად კრიტიკულად არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში პოზიტიური ტენდენციებიც შეინიშნება:
“ნაკლებად არის დიდი მასშტაბური ქორწილები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდი პერიოდია. საშუალოზე კარგი პერიოდია”, – განაცხადა ირაკლი კახიძემ.
