“ადრე დაჯავშნილი ჯგუფების რიცხვი შემცირებულია, თუმცა ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც” – ჰოტელიერი

“ადრე დაგეგმილი და დაჯავშნილი ჯგუფების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხშირია გაუქმებები”, – ამის შესახებ სასტუმროების მმართველი კომპანია Hotel Collection International-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ქეთევან მიქაშავიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში სექტორში არსებული ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის სასტუმროს ბაზარი ამ ეტაპზე ცვლილებებს განიცდის, შეცვლილია ტურისტული სეგმენტი, რაც სასტუმრო სფეროს აიძულებს, უფრო მოქნილი იყოს და ახალ რეალობაზე სწრაფად გადაეწყოს.
“მოთხოვნის ნომენკლატურის სტრუქტურა იცვლება – ადრე დაგეგმილი და დაჯავშნილი ჯგუფების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხშირია გაუქმებები, რაც გაყიდვების სტრატეგიების გადახედვას მოითხოვს. თუმცა, ამ ფონზე ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც: აქტიურდებიან აღმოსავლეთის ბაზრები, მათ შორის თურქეთი, რომელიც ჯავშნის უფრო გვიანი პერიოდით გამოირჩევა, რაც საშუალებას გვაძლევს გაუქმებული ჯავშნები ნაწილობრივ შევავსოთ”, – ამბობს ქეთევან მიქაშავიძე და აცხადებს, რომ ამის პარალელურად, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ღონისძიებების სეგმენტი რჩება, სადაც მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული, ეს კი პირდაპირ აისახება არა მხოლოდ ნომრების, არამედ რესტორნებისა და სხვა დამატებითი მომსახურების დატვირთვაზეც.
მისივე თქმით, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ბაზრის ეფექტური ანალიზი და ადაპტაციის უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სასტუმროს მართვაში.
ინფორმაციისთვის, Hotel Collection International არის საერთაშორისო სასტუმრო მმართველი კომპანია, რომლის სათავო ოფისი მადრიდში, ესპანეთში მდებარეობს. ამჟამად, Hotel Collection International სხვადასხვა ბრენდების ქვეშ 15-მდე სასტუმროს მართავს ესპანეთსა და საქართველოში, მათ შორის Doubletree by Hilton, Holiday Inn Express (მათ შორის ერთ-ერთი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ თბილისშიც Holiday Inn Express Avlabari), Holiday Inn, Indigo, Ramada by Wyndham, Ramada Resort და სხვა.