ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ, ახალ დრაკონულ ცვლილებებს იღებს, რომლის თანახმადაც 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა იკრძალება.
მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები. შესაბამისი განცხადება ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
“მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.
წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანის წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით, ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა სამ წლამდე ვადით.
იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5 წლიდან 6წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.
ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ჯგუფურობის არაერთგზისობის საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში.
სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც”-თქვა მდინარაძემ.