თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი საქალაქო სასამართლოში ე.წ. პირბადეების საქმეზე გამოიკითხა.
ცისკარიშვილის თქმით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მას მერე, რაც დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, იხდის აქციაში მონაწილე მშვიდობიანი მანიფესტანტების ადმინისტრაციულ ჯარიმებს.
„თუ გახსოვთ, ზაფხულში მოეწყო უზარმაზარი კონცერტი, სადაც საქართველოს მოქალაქეები რიცხავდნენ ფულს. შემდეგ უკვე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, TBC ბანკმა და საქართველოს ბანკმა გადმორიცხეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში თანხა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდა და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მისია არის საქართველოში უფლებადამცველების მხარდაჭერა, გაძლიერება, ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელება და სწორედ ამ უფლებადამცველების, აქტივისტების, საქართველოს მოქალაქეების, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანების მხარდაჭერა, მათ შორის მათი ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა“, — განაცხადა ცისკარიშვილმა.
ის ამბობს, რომ ეს საქმიანობა არაა ძალადობის წახალისება.
„ძალადობა ჩვენ ვნახეთ, როდესაც აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, 100 დაზარალებული არის პროკურატურის მიერ ცნობილი, არც ერთი დამნაშავე არ გვინახავს. სჯობს, ეს საქმეები გამოიძიოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ“, — განაცხადა ცისკარიშვილმა.
„საბოტაჟის“ შესახებ გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მარტში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა, მათ შორის: ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდი, „ფროსფერითი“, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
27 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნით, ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“
· „დემოკრატიის მცველების“
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებსაც.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შესყიდვის დოკუმენტები გამოაქვეყნა იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
„იმედის“ ინფორმაციის თანახმად, აქციების დროს ამ ხუთმა ორგანიზაციამ პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე, ჯამში, დაახლოებით 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. „იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის პირველ მაისს 18 რესპირატორი და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
