საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს.
სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი”. – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა.
განკარგულებას 16 ივნისს კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, “ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს”.