ადინა იოანა ვალეანი ევროპარლამენტში ლობიზმის შესახებ კანონზე ოცნების პროპაგანდას პასუხობს

ევროპარლამენტარი ადინა იოანა ვალეანი ევროპარლამენტში ლობიზმის შესახებ კანონზე ქართული ოცნების პროპაგანდას პასუხობს და აცხადებს, რომ დირექტივა არავითარ შემთხვევაში არ არის უცხოური აგენტების კანონი.

ვალეანი განმარტავს, რომ კანონს სათაური თავად ხსნის – საბარია გამჭვირვალობის რეესტრზე იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებბიც ლობისტურ საქმიანობას ახორციელებენ. ვალეანმა ამის შესახებ ფორმულასთან წერილობით პასუხში ისაუბრა.

ევროპარლამენტში მიღებულ ლობიზმის კანონთან დაკავშირებით ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 28 ნოემბერს თქვა: “ბრიუსელი ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როცა სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა”.

ევროპარლამენტარი ვალეანი ამბობს, რომ მათ მიერ მიღებული კანონმდებლობა არ კრძალავს უცხოურ დაფინანსებას და არ ანიჭებს ორგანიზაციებს იარლიყს.
“დირექტივა არავითარ შემთხვევაში არ არის უცხოური აგენტების კანონი. სათაური თავისთავად ხსნის – ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობის რეესტრზე იმ პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ლობისტურ საქმიანობას მესამე ქვეყნებისთვის. ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ მომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებიც ხელშეკრულებით ვალდებულნი არიან გავლენა მოახდინონ ევროკავშირის პოლიტიკაზე. ლობისტური საქმიანობა ლეგიტიმური და კანონიერია ევროკავშირის ბაზარზე და გამჭვირვალობა ევროკავშირის დემოკრატიების ბირთვია.

ეს დირექტივა არ ახდენს საქმიანობის კრიმინალიზაციას, არ კრძალავს უცხოურ დაფინანსებას და არ ანიჭებს ორგანიზაციებს იარლიყს. ამის ნაცვლად, იგი ადასტურებს ინტერესების წარმოდგენის ლეგიტიმურობას, თუმცა შემოაქვს პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები. ეს მოიცავს მკაფიო გამონაკლისებს მედიის, იურიდიული პროფესიებისა და დიპლომატიური აქტორებისთვის, ასევე წევრი ქვეყნების ვალდებულებას, დანიშნონ კომპეტენტური ორგანოები, რომლებსაც ექნებათ ფუნდამენტური უფლებების ექსპერტიზა. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დირექტივის ფარგლებში ექცევიან მხოლოდ მაშინ, როდესაც და თუ ისინი ინტერესების წარმოდგენის მომსახურებას კონტრაქტის საფუძველზე უზრუნველყოფენ.
დირექტივა შეესაბამება სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებისა და ჩამოყალიბებული დემოკრატიების – დიდი ბრიტანეთის ან ავსტრალიის – კანონმდებლობას, რომ დავასახელოთ ევროკავშირის გარეთ არსებული რამდენიმე. ევროკავშირში გვაქვს მსგავსი ინიციატივები, კარგი მაგალითია საფრანგეთი”- აცხადებს ევროპარლამენტარი.