ადიდასმა 1992 წლის შემდეგ პირველად განაცხადა წლიური ზარალის შესახებ. როგორც სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გერმანული მწარმოებლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს წმინდა ზარალმა 14 მილიონი ევრო შეადგინა, ზარალმა განგრძობითი ოპერაციებიდან – 58 მილიონი ევრო.
ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი ამერიკელი რეპერის Ye (ყოფილი Kanye West) ანტისემიტური განცხადებები გახდა. რამაც კომპანიასა და მუსიკოსის მოდის ბრენდს Yeezy-ს შორის ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია.
ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Adidas-ის საწყობებში დაგროვდა მუსიკოსის ბრენდის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სპორტული ფეხსაცმელი , რომლებიც მწარმოებელმა ვერ გაყიდა არტისტის სკანდალური განცხადებების შემდეგ მოთხოვნის მკვეთრი დაცემის გამო.
შედეგად, როგორც წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, Yeezy-სთან პარტნიორობის გაწყვეტამ გამოიწვია პოტენციური შემოსავლის დაახლოებით 500 მილიონი ევროს დაკარგვა.
Adidas-ი იმედოვნებს, რომ წელს Yeezy-ს სპორტული ფეხსაცმელების დარჩენილ ნაწილს თვითღირებულებით გაყიდის და კომპანია მომგებიანობას დაუბრუნდება.
2024 წლის ბოლოსთვის მწარმოებელი იმედოვნებს, რომ 500 მილიონი ევროს საოპერაციო მოგებას მიაღწევს.
კომპანიის აქციები ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ დაახლოებით 2%-ით იკლებს.
