ადვოკატი 157 კგ „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე დაკავებულზე – არ ჰქონდა ინფორმაცია ტვირთში უკანონო ნივთიერების არსებობის შესახებ – ტრანსპორტირებაზე შეკვეთა მიიღო „ჩატით“, სადაც ათეულობით მძღოლია და მის ადგილზე ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო

უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანი ჯერ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ გამოიყენა, ხოლო შემდგომ სამართალდამცავი ორგანოების არაპროფესიონალური ან მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,- ამის შესახებ 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული პირის ადვოკატმა, გიორგი გამხიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით უცხო ქვეყნის მოქალაქე, „მარმარილოს ფილების ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ჰონორარის სახით იღებდა 2 700 დოლარს, შეკვეთა კი “ჩატის” საშუალებით მიიღო, სადაც ათეულობით მძღოლია და ნებისმიერი მათგანი შეიძლება დათანხმებულიყო ამ შემოთავაზებას და გამხდარიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების მსხვერპლი“.
„2025 წლის 30 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, 157 კილოგრამი ჰეროინის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ფაქტი.
ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისა და დანაშაულის აღკვეთის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებისა და პოლიციელების შრომა, უდავოდ იმსახურებს მადლობას.
თუმცა, აღნიშნული დანაშაულის გახსნისა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენის პროცესში, გამოძიების მიმდინარეობამ სერიოზული კითხვები და სამართლებრივი ეჭვები გააჩინა…
იმის ნაცვლად, რომ ჩატარებულიყო პროფესიონალურ დონეზე დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კონტროლირებადი მიწოდება, ვიზუალური კონტროლი (თვალთვალი) და ფარული მიყურადება, რომელთა მიზანია დანაშაულის ორგანიზატორებისა და რეალური შემსრულებლების მხილება, სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც ბრალდება წარედგინა სრულიად უსაფუძვლოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.
აღნიშნული მძღოლი მარმარილოს ფილების ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ჰონორარის სახით იღებდა 2 700 დოლარს. შეკვეთა მიიღო ჩატის საშუალებით, სადაც ათეულობით მძღოლი იყო და ნებისმიერი მათგანი შეიძლება დათანხმებულიყო მარმარილოს ტრანსპორტირებას და გამხდარიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების მსხვერპლი. დაკავებული მძღოლი წლების განმავლობაში საქმიანობდა საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში და არასოდეს ჰქონია ნარკოტიკებთან, ან რაიმე სახის დანაშაულთან კავშირი. მას არ ჰქონდა ინფორმაცია და არც შესაძლებლობა, სცოდნოდა ტვირთში უკანონო ნივთიერების არსებობის შესახებ.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასაჯაროვა. ამ ქმედებამ დანაშაულის რეალურ ორგანიზატორებსა და ტვირთის დამკვეთ პირებს საშუალება მისცა, დროულად მიეღოთ ინფორმაცია და თავი აერიდებინათ სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, არავინ მისულიყო ტვირთის მისაღებად და არ გამოვლენილიყო რეალური დამნაშავეები. ინფორმაციის საჯარო გავრცელებამ და უდანაშაულო მძღოლის დაკავებამ, ფაქტობრივად გამორიცხა საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის გამოვლენის შესაძლებლობა.
შედეგად, მივიღეთ მძიმე რეალობა, უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანი ჯერ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ გამოიყენა, ხოლო შემდგომ სამართალდამცავი ორგანოების არაპროფესიონალური ან მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მაშინ როდესაც რეალური დამნაშავეები, “ნარკობარიგები” და ორგანიზებული დანაშაულის შემოქმედები თავისუფლები არიან.
მოვუწოდებ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ და ობიექტურად ჩაატარონ ყველა აუცილებელი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიება, რათა გამოვლინდნენ აღნიშნული დანაშაულის რეალური ორგანიზატორები და შემსრულებლები. ნუ გაწირავთ უდანაშაულო ადამიანს, მის ადგილზე ნებისმიერი მძღოლი შეიძლება ყოფილიყო, რომელიც პატიოსანი შრომით იღებდა შემოსავალს. მარმარილოს ფილების ტრანსპორტირებისას, ფილების დამტვრევის და შემოწმების ვალდებულება მას არ გააჩნდა“,- წერს გიორგი გამხიტაშვილი.
ცნობისთვის, 2025 წლის 30 დეკემბერს, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 157 კგ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.