„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ პოლიტიკოსზე იძალადეს.
აღნიშნული განცხადება ადვოკატმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები ვალდებულები იყვნენ, რომ გამოძიება დაეწყოთ.
„სასამართლომ ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით. ეს კი მოსალოდნელი იყო. სავარაუდოდ, ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ალეკო ელისაშვილი აღიარებს ქმედებას და არა ბრალის დადგენილებას. ალეკომ დანაშაულის ჩადენისგან ხელი აიღო იმიტომ, რომ დაინახა შენობაში შემოსული მანდატურები, მას იარაღის გამოყენებაც შეეძლო, თუმცა ეს არ უცდია – იცით, რომ ის კარგად ფლობს იარაღს. მისი მთავარი პრიორიტეტი, რომ შენობის გადაწვა ყოფილიყო და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და შენობას გადაწვავდა. ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ სასამართლოს კანცელარიის შენობაში იმყოფებოდა, ასევე ის პროცესზე ვერ დაადასტურებდა, თავად არის თუ არა ვიდეოკადრებში, რადგან ჩანაწერები არ უნახავს. ალეკო მუდმივად იარაღით გადაადგილდება, მაგრამ იმ დღეს იარაღის ქონა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი იარაღის გამოყენებას შენობაში აპირებდა.
რაც შეეხება მანდატურების ქმედებას, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ამ საკითხზე, სამწუხაროდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გააუქმეს, რომელსაც უნდა ეს ქმედებები უნდა გამოეძიებინა. ჩვენ დაცვის მხარეც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავებულ ადამიანზე სასტიკად იძალადეს“, – გიორგი რეხვიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.




