ღარიბაშვილს აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის შეწყალების, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან, შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა სასჯელად ხუთი წელი რეალური თავისუფლების აღკვეთა, პლუს ერთი მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს ორი ავტომობილის ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული – თვითონ დანაშაულიც ფინანსურ ნაწილშია და საფინანსო სფეროში მოხდენილ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, ასე ვთქვათ, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზეც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი, ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს. როგორც ყველა ბრალდებულს, მას აქვს უფლებები ე.წ. უდოზე, ანუ ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც და ყველაფერზე”, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეიწყალოს, ადვოკატი პასუხობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, რა ვიცი ახლა რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, ხუთი წელი უნდა იჯდეს და არ ვიცი“.
შეკითხვაზე, რატომ დაჩქარდა პროცესი, რომელიც 12 თებერვალს იყო ჩანიშნული, ადვოკატი პასუხობს, რომ „ის, რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს. ჯობია დღეს დამთავრდეს, ვიდრე ზეგ დამთავრდეს, აი მაგიტომ“.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – ქართული ოცნების ყოფილ პრემიერს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.




