ადვოკატი – საქმეში რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს, დღეს სანდრო ცნობილაძე დაკავებული ეყოლებოდათ – ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი

საქმეში რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს, დღეს სანდრო დაკავებული ეყოლებოდათ, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება – ეს ყველაფერი არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარეს.
„როდესაც გამომძიებლებს ვეკითხებოდი, თუ რატომ იყვნენ სახლში შემოსული, მათ ვერ გამცეს სწორი პასუხი… ისინი რაღაც ფაცი-ფუცში აკეთებდნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს. რაღაც მოსამართლის განჩინება ჰქონდათ და ამ მოსამართლემ ეს განჩინება რატომ მისცა?! აქაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი.
სანდრო არის ადამიანი, ვის ხმაზეც არის გაზრდილი საქართველოს ახალგაზრდობა. მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდა და დღესაც საქართველოს ემსახურება. სწორედ, ამიტომ შემოვარდნენ დღეს ეს გამომძიებლები, ოჯახი ააწიოკეს, არ მისცეს უფლება, რომ ადვოკატი თავიდანვე დასწრებოდა აღნიშნულ ჩხრეკას. ამასთან, ანერვიულეს სანდროს დედაც.
რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს აღნიშნულ საქმეში, დღეს სანდრო დაკავებული ეყოლებოდათ, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება, ის თავისუფლად საუბრობს და მას ვერ აშინებენ. აქედან გამომდინარე, არავითარი მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში არ არსებობს. ის არის აქტიური მოქალაქე, იბრძვის საქართველოსთვის და რამენაირად ამ გამოგონილი მუხლით უნდოდათ, რომ მისი რეპუტაცია შეერყიათ.
სანდროს ბრალი არ წაუყენეს, არ არსებობს ბრალის საფუძველი, შემოვარდნენ უკანონოდ, ჩაატარეს ჩხრეკა და სანდროს არც არაფერი დასამალი არ აქვს. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ლეპტოპი, დისკები. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.