ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ჩათვლით აქვს, ხოლო ბრალდების მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ამ ვადამდე ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალება არ მოხდეს.
აღნიშნულია შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა და სასამართლო პროცესიის 8 აპრილამდე გადადებას უსაფუძვლო უწოდა.
„სასამართლოს მხრიდან ეს მიზეზი იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. დაცვის მხარემ მოსამართლეს მიუთითა სწორედ ის ნორმები, რომელიც საპროცესო კოდექსით არის დარეგულირებული. ერთი ნორმა საერთოდ ვერ გაიგო რომელია და რატომღაც 188-ე მუხლი აერია 198-ში და თქვა, საერთოდ არ წერიაო. მეორე ნორმას ყურადღება საერთოდ არ მიაქცია, უგულებელყო და თავის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. სისხლის სამართლის საპროცესო ნორმა, 38-ე მუხლი, ასევე 198-ე მუხლი ცალსახად არეგულირებს იმ საკითხს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არსად არ წერია, ჩანაწერი არ არსებობს კოდექსში, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა ან რაიმე გარკვეული მიზეზი”, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ადვოკატის თქმით, თუ სასამართლო ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის გარეშე გამოიტანს განაჩენს და ამგვარ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარე აღნიშნულს “აუცილებლად ყველგან გაასაჩივრებს”.
„დაცვის მხარის სუბიექტური აზრია, რომ როგორც ბრალდების მხარე, ისე სასამართლოც ფიქრობს, რომ ერთადერთი ბერკეტი რაც გვრჩება არის შემდეგი- საქართველოს პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალების ფორმით.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით აქვს საპრეზიდენტო ვადა და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ვადა ამოიწუროს და შესაძლო შეწყალების ბერკეტი არ გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 8 აპრილისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ გააჩნია, რის გამოც შესაძლოა ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, ონლაინ მოხდეს მისი ჩართვა.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.