ადვოკატი – როდესაც რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ აქვს სურვილი და მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება – მისი პოზიცია პირველივე დღიდან არის მყარი

რომეო მიქაუტაძის პოზიცია პირველივე დღიდან არის მყარი – ბრალდება და საქმის მასალები ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისად ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცემა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც რომეო მიქაუტაძე ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი საპროცესო შეთანხმების და ამის მზაობა ბრალდების მხარესაც ექნება, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება.
„როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი [რომეო მიქაუტაძე] ჩათვლის, რომ მას აქვს სურვილი და მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება ბრალდების მხარის მიერ, მაშინ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. მისი პოზიცია პირველივე დღიდან არის მყარი. ბრალდება და საქმის მასალები ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისად ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გაეცემა.
რაც შეეხება მოწმეს, მოწმე გახლდათ ექსპერტი, რომელმაც გარკვეული საგნები და ნივთები შეისწავლა და მას შეფასება მისცა. დასკვნა გადმოცემული გვაქვს და ცნობილია რომეო მიქაუტაძისთვის და ამიტომ ჩავთვალეთ ეს მტკიცებულება უდავოდ”,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარეს 1 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, რომლის ჩვენებაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, რის შემდეგაც პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.