ძალიან გულდასაწყვეტია სასამართლოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც, პრაქტიკულად, იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ საქმეში რაიმე მტკიცებულება ამ ადამიანების წინააღმდეგ არ არის , – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, გიორგი ყაველაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა შეეფარდათ.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“სასამართლოზე არსებული მტკიცებულებების ფონზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სინამდვილეში რაიმე, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს. აბსოლუტურად არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ან ფაქტი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პირების ბრალეულობაში ან კანონთან კონფლიქტში შევიტანოთ ეჭვი, აქედან გამომდინარე, ძალიან გულდასაწყვეტია სასამართლოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც, პრაქტიკულად, იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ საქმეში რაიმე მტკიცებულება ამ ადამიანების წინააღმდეგ არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც გავასაჩივრებთ.
ჩვენებები, ძირითადად, იყო სასტუმროს პერსონალის, რომლებიც რაღაც შეხვედრასთან დაკავშირებით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს რაღაც დროს აქ საქმეში მონაწილე პირები იყვნენ, თუმცა იქ არსად არ არის ნახსენები არც გიორგი და არც დავით მიქაძე. რაც შეეხება ჯანგველაძეებს, ის არ უკავშირდება ამ ქართულ ისტორიებს, უკავშირდება რუსეთში არსებულ ისტორიებს და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, როგორც ამას მათი ერთ-ერთი ნათესავი ამბობს ჩვენებაში. არც დავით მიქაძე და არც გიორგი მიქაძე ამ საქმესთან კავშირში არ არის”, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, მივა თუ არა გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორამდე, ოთარ ფარცხალაძემდე, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მით უფრო სხვა პირებთან მიმართებაში.
“ჩემი აზრით, ვერ მივა, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს გიორგი და დავით მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან მიმართებაში. ეს არის უბრალოდ გავრცელებული ისტერია ამ მკვლელობის ორგანიზებასთან მიმართებაში, სხვა სახელს ვერ დავარქმევ”, – აღნიშნა ადვოკატმა.
