აქციაზე დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახიშვილი ამბობს, რომ აქვთ კადრები, როგორ გადაიყვანა პოლიციამ ძალის გამოყენებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი გზის სავალ ნაწილზე.
“ჩვენ წარვადგენთ დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს დიმიტრი ბიძინაშვილი და სხვა პირებიც, როგორ იმყოფებიან არასავალ გზის ნაწილზე, მაქსიმალურად მარცხნივ და მის გარშემო არის პოლიცია, თავდაპირველი ვიდეო არსებობს, სადაც პოლიცია ეუბნება, რომ მისცემდნენ გზის გადაკვეთის საშუალებას, ამის შემდგომ კი, მიუხედავად იმისა, რომ გზის გადაკვეთის მცდელობა არ ყოფილა, პოლიციელები მიდიან დიმიტრი ბიძინაშვილთან, გამოჰყავს მოქალაქეებისგან გარეთ, რამდენიმეჯერ ძირს აგდებენ და ძალის გამოყენებით მიჰყავთ გზის შუაში და ბრალდების მხარე ამას აღიქვამს, რომ მან სცადა გზის გადაკვეთა, რეალურად, თავად პოლიციელი ცდილობს ძალის გამოყენებით მის გზაზე გადაყვანას. ამ კადრებს წარვადგენთ სასამართლოში და იმედი მაქვს, საბა ცხვიტარიძისგან განსხვავებით მოსამართლე ამას თავს არ აარიდებს”- ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
ასევე, ადვოკატის თქმით, დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი განაცხადა ბრალის შესახებ დადგენილების ფურცელზე ხელმოწერაზე, რადგან ის თავს პოლიტპატიმრად თვლის.
“დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი განაცხადა ხელმოწერაზე ბრალის შესახებ დადგენილების ფურცელზე, ვინაიდან ის თვლის, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არის პოლიტპატიმარი და მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული, შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია რა ბრალდების შესახებ დადგენილება შეიძლება იქნას მის მიერ გამოცემული.
დაცვის მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნული კანონი არის არაკონსტიტუციური. არ მომხდარა მისი სათანადოდ გაცნობა მოქალაქეებისთვის, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო და მათ შორის, მთავრობის დადგენილების ავტორიც, არიან მიმართული პოლიტიკური ბრალდებისკენ.
ერთი, რომ საერთოდ არ მომხდარა ეს ფაქტი და რომც მომხდარიყო, დანაშაული მაინც არ იქნებოდა”, – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარედ გამართულ აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.