ადვოკატი – ნიკა გვარამია არ მიიღებს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას, რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს

ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე მოსამართლემ [ჯვებე ნაჭყებია] იდენტურ სიტუაციაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მიუსაჯა 7 თვე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზეც და სხვა პოლიტიკოსების მიმართ, კანონს ეწინააღმდეგება.
„მმართველმა პარტიამ იმიტომ შეზღუდა გადაღება სასამართლო პროცესების, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები შეწუხდნენ საზოგადოების სამართლიანი კრიტიკით, კლანს შესჩივლეს და კლანმა ეს მმართველ პარტიას შესჩივლა, შესაბამისად, იმისათვის, რომ მმართველი პარტიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და სასამართლოსა და მოსამართლეებს დისკომფორტი რომ არ შეექმნათ, ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
მედია აღარ დაიშვება კამერებით, რაც პირდაპირ აზიანებს სხდომების საჯაროობას და გამჭვირვალობას. საზოგადოებას აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერებში მოისმინოს ის სამარცხვინო განცხადებები და მოწმის ჩვენებები, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებები მიიღება.
რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ნიკა გვარამია არ მიიღებს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას, რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე მოსამართლემ [ჯვებე ნაჭყებია] იდენტურ სიტუაციაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მიუსაჯა 7 თვე, ამიტომ სხვა მოლოდინი შეუძლებელია გვქონდეს, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზეც და სხვა პოლიტიკოსების მიმართ, კანონს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.
პროკურორის, მარიამ მეშველიანის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ნიკა გვარამიად ბრალეულობას ადასტურებს.
„ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვით და განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ისევე, როგორც სხვა საქმეებზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენას”,- განაცხადა მარიამ მეშველიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი 1 ივლისს, 10:30 ზე გამოცხადდება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.