ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება, ფაქტობრივად, წაერთვა – სააპელაციომ, საზღვრის კვეთის საქმეზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დაუტოვა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება „წაერთვა“.
როგორც ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასტურია იმის, რომ „სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად, მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია“.
„როგორც მოგეხსნებათ, პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება და მის მიმართ არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაა რეალიზებული, არამედ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. ამის კიდევ ერთი დასტური გუშინ მივიღეთ. ეს არის სააპელაციო სასამართლოდან 2025 წლის 16 მაისის განაჩენი. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ სასჯელი შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შეკრიბა უპრეცედენტოდ და მიხეილ სააკაშვილს საბოლოო სასჯელად 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული მთელი რიგი არგუმენტაციით. მათ შორის, ეს არგუმენტაცია ეყრდნობოდა არა მხოლოდ ჩვენს იურიდიულ პოზიციას, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომ მსგავსი წესი და მსგავსი ოდენობით სასჯელის შეკრება, ფაქტობრივად, არ ხდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანი არგუმენტები გვქონდა მოყვანილი ბრალთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება ეს ქმედება ბრალდებულ ქმედებად ყოფილიყო შეფასებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, გამართულიყო მსჯელობა, მხარეთა შორის პაექრობა ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში. მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე, უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება, ფაქტობრივად, წაერთვა. იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის, მსჯელობის, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა მოსამართლე მამისეიშვილმა მოგვისპო. ირონიულია ის ფაქტიც, რომ იგივე მოსამართლემ უნდა განიხილოს „პიჯაკების საქმე“ სააპელაციო სასამართლოში.
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში, ფაქტობრივად, მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია და მიხეილ სააკაშვილი ელემენტარული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს“,- განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, 17 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა