მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს – ვგეგმავთ, მივმართოთ ყველა იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება ზედამხედველობა უფრო მეტი პროცესის ჩართულობით განახორციელოს, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ამაღლობელის მიმართ მონიტორინგი მიმდინარეობს, რაც „სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი ვერ იქნება“.
„გუშინ შევხვდი მზია ამაღლობელს. გუშინდელი მდგომარეობით, არის ნორმალურად. შეუძლია გადაადგილება, კომუნიკაცია. ამ ეტაპზე ადვოკატები ინფორმაციას ვიღებთ ვიზუალური კონტაქტით და მისი განმარტებებით, რაც ცხადია, ვერ იქნება სარწმუნო იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება მის ორგანიზმში. შიმშილობის ეს პერიოდი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ გარკვეული რადიკალური ჩარევის აუცილებლობა, ცხადია, იქნება. თუმცა ვინაიდან ადამიანს აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილება, სამედიცინო ჩარევა, იძულებითი ფორმით, ამ ეტაპზე დაუშვებელია. მისი ქრონიკული დაავადებების ფონზე, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა წუთი წუთზეც შეიძლება გაუარესდეს და სიტუაცია მძიმე გახდეს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, მის მიმართ სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც ვთვლით, რომ ვერ იქნება სარწმუნო ინფორმაციის მატარებელი, ვინაიდან პირველადი მონიტორინგი არ ნიშნავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ გამოკვლევას. ვგეგმავთ, მივმართოთ ყველა იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება ზედამხედველობა უფრო მეტი პროცესის ჩართულობით განახორციელოს. ცხადია, ამ პროცესში ჩვენი შესაძლებლობაა დავაკვირდეთ, ასევე, დააკვირდეს სახალხო დამცველის ეგიდით ჩართული ექიმიც, რომელიც გუშინ იმყოფებოდა. მისი განმარტებით, პროცესების რადიკალიზაციასთან რომ არ გვქონდეს საქმე, საჭიროა სამედიცინო მანიპულაციები, მაგრამ მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებით, შიმშილობა იქნება შეუქცევადი, სანამ ამის საშუალებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს“,- განაცხადა ადვოკატმა.